ამინდის პროგნოზი

"ეს არის ჩემი უმთავრესი, ჩემი უპატიებელი შეცდომა"

 
07 August, 2016   5 თვის 1 კვირის წინ
 
1952

„თავისუფალ ზონის" ექსკლუზიური ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან

- ბატონო ბაჩანა, რა პროგნოზები გაქვთ 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით?

- ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება არ არის რაიმე უნიკალური, ივანიშვილს ეს არჩევნები უპირობოდ წაგებული აქვს, არანაირი შანსი არ გააჩნია ნომინალური უმრავლესობის მოპოვების, ნაციონალურ მოძრაობას კი პირიქით, არა მარტო ივანიშვილის დამარცხების, არამედ სრული უპირატესობის მოპოვების, პირველ ადგილზე გასვლის ცალსახა შესაძლებლობა აქვს. ყველაფერ ამის რეალიზებას კი მხოლოდ ერთადერთი რამ ჭირდება -თავდაუზოგავი მუშაობა და 8 ოქტომბერს საქართველო შეძლებს ერთბაშად ძლიერი ნახტომის გაკეთებას პროგრესისკენ. მოკლედ ეს არჩევნები მოგებულია, მხოლოდ გაფორმება დარჩა, ივანიშვილის „ოცნების ქოხი“ დაშლილია, მხოლოდ სულის შებერვა უნდა.

- როგორ შეაფასებთ ,,ნაციონალური მოძრაობის"  საპარლამენტო სიას?

- ენმ-ის სიასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულების გამოხატვის შესაძლებლობა მქონდა ლაშა ბერულავასთან ინტერვიუში და როგორც მაშინ, ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ როგორც დრომ დაადასტურა, ენმ-მ შეძლო არათუ მიზიდულობის ცენტრის ფუნქციის შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო განვითარება და რეალურად აღმოჩნდა, რომ ენმ უფრო საინტერესოა უამრავი პროფესიონალური კადრისთვის, ვიდრე მოქმედი მმართველი პარტია. ეს შეფასება ეფუძნება ენმ-ის პირველი ათეულის გამოქვეყნებას და შემდგომ ოცნების სიასთან შედარებას, პრაქტიკულად 10:0-ია ენმ-ის სასარგებლოდ. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ კარგი ათეული, კარგი სია არ არის საკმარისი საქართველოს წარმატებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლებაში მოხვალ აუცილებელია სხვა ათასობით პატრიოტის, მოტივირებული ადამიანის თანამონაწილეობა, ქვეყნის წინ წაწევა ერთეულებს არ შეუძლიათ, ამას საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობა დასჭირდება.

- სად ხედავთ თქვენს თავს, თუ 8 ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს? დათანხმდებით, თუ არა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დაბრუნებას, შემოთავაზების შემთხვევაში?

- რაც შეეხება ჩემს თავს, გეტყვით მარტივად, ვხედავ იქ სადაც ახლა ვარ, რა თქმა უნდა, პატიმრობას არ ვგულისხმობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე საქართველოში ჩამოსვლით, საკუთარი ფეხით ციხეში წასვლით, გულწრფელად და უანგაროდ ვემსახურებოდი ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, როგორც მანამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას. ასეა ახლაც, ციხეში მხოლოდ ამ სულისკვეთებით ვზივარ და აქედან გამოსვლის შემდეგაც მაქსიმალურად შევეცდები სარგებელი მოვუტანო ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს. რაც შეეხება „თანამდებობას“, ვფიქრობ ძალიან პირობითი ნათქვამია, მაგრამ მე ჩემი ცხოვრების არსი ნაპოვნი მაქვს, მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, ჩემი მომავალი დაკავშირებულია მხოლოდ საქართველოს გაძლიერებასთან, გაერთიანებასთან, გამდიდრებასთან და ღირსებასთან. ასე რომ „პროფილის“ შეცვლას არ ვაპირებ,არც გამომივა და ინდივიდუალურად ვერც სხვა ვინმე გადამიწყვიტავს გარდა ქართველი ხალხისა.

- როგორ ფიქრობთ, ვინ იდგა  იმ უამრავი ბინძური ჭორის უკან, რასაც გივრცელებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?

- კი არ მგონია, ვიცი! - ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც გულწრფელად ჯერათ, რომ პოლიტიკა მართლა „ბინძური თამაშია“. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკა ღირსების, მორალური პრინციპების, ვაჟკაცური მდგრადობის და პირდაპირობის ასპარეზია. და ეს რომ ასეა შევეცდები მომავალში რეალობაში დავამტკიცო.

- რატომ თვლიდით მეორეხარისხოვნად ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გეპასუხათ ჭორებსა და სიცრუეზე?

- იმიტომ რომ ვცდებოდი, ეს არის ჩემი უმთავრესი, ჩემი თავისთვის უპატიებელი შეცდომა. პრინციპში, ალბათ, მაინც ახსნადია, რადგან ჯერ კიდევ 24 წლის ვიყავი, როცა უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოვჩნდი და შესაბამისად ჩემი მოსაზრება რომ „სიმართლეს არ ჭირდება დამატებითი დადასტურება, რომ სიმართლეს მაინც ყველას გაიგებს და მიხვდება“ - სინამდვილეში ახალგაზრდული გულუბრყვილობა აღმოჩნდა.

-რა იყო "დელტა" პირადად თქვენთვის, რა ეტაპზე, რა დონეზე იქნებოდა საქართველოს შეიარაღება "დელტას" მუშაობის  პარალიზება რომ არ მომხდარიყო? 

- ეჭვი მაქვს, რომ დელტა ჩემთვის იგივეა, რაც თქვენთვის, რაც ნებიმიერი ქართველი პატრიოტისთვის, ის გახდა შესაძლებლობების სიმბოლო, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ის, რაც ფრანგებს, პოლონელებს, ებრაელებს, რომ თანამედროვე სამყაროში მონდომების და მუშაობის პირობებში არაფერია შეუძლებელი, დელტა - ქართული ღირსების აღორძინების სიმბოლო იყო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული მნიშვნელობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. მას ქონდა პოტენციალი ერთი ათად გაეზარდა ჩვენი არმიის შესაძლებლობები, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. რაც თქვენ გახსოვთ „დიდგორის“ და „ლაზიკას“ სახით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო. დელტა მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო. სამწუხაროდ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ის სრულებით გაგუდა. გამოვიყენებ ჩემს ერთ უპირატესობას, ანუ იმას, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლების და პოლიტიკოსების მიერ უამრავი სიბინძურის დაბრალებისაჩემთვის, არასოდეს არავის დაუბრალებია მატყუარობა მაინც, ამიტომ როგორც თქვენ, ასევე ნებისმიერი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი ოპონენტი შეიძლება 100%-ით ენდოს ჩემს სიტყვას, რომელსაც ახლა გეტყვით: დღეს არის 2016 წლის აგვისტო და ჩვენი გეგმის მიხედვით „დელტა“-ს ამ მომენტისთვის უკვე უნდა ჰქონოდა შექმნილი პირველი ქართული ტანკი, ვერტმფრენი და საზღვაო საბრძოლო კატარღა. ეს მხოლოდ სამი მსხვილი პროექტი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სახის ჩვეულებრივ შეიარაღებაზე. 2016 წლის საქართველოს მოქალაქეები და არმია იქნებოდა შეუდარებლად უფრო უსაფრთხო და თავდაჯერებული. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს რუსულმა მთავრობამ ეს სრულიად გაანადგურა.

- როგორ შეაფასებთ, საქართველო დაუახლოვდა, დაშორდა თუ უძრაობის გამო იგივე მანძილით არის დაშორებული "ნატოს"?

- ნატო-სთან ურთიერთობა რთულად კომპლექსურია, ვიდრე ჩვენ როგოც წესი მედიის მეშვეობით გვესმის პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან. ჯერ უპირველეს ყოვლისა უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან გაგვიმართლა, რომ 90-იანი წლების, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულმა საერთო დაბნეულობამ NATO-ს იგივე ბედი არ გააზეარებინა, რაც თავის დროზე 70-იანი წლების ბოლოს SEATO-ს შეემთხვა. სწორედ დღეს NATO-ს ხელახლა ეხსნება „მეორე სუნთქვა“, როცა რუსული და NATO- ს თავდაცვის დოქტრინები იმხელა გადამუშავებას განიცდის, რომ NATO საბოლოოდ გამოდის გაურკვევლობის ეპოქიდან. შესაბამისად დღეს უფრო მეტი შანსი ჩნდება NATO-სთან დაახლოებით, იმასთან შედარებით ვიდრე ეს იყო 8 ან 10 წლის წინ. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ე.წ. „სტრატეგიული მოთმინება“ თუ რაღაც ამდაგვარი პოლიტიკა დღევანდელობას სრულიად მოწყვეტილია, ნაცვლად ამისა საქართველო უნდა აწარმოებდეს აგრესიულ ლობირებას წევრობაზე. თუ NATO საქართველოს საჭიროებას ვერ ხედავდა 10 წლის წინ ან რუსეთის საფრთხედ საერთოდ არ განიხილავდა, დღეს ყველაფერი პირიქით არის. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ დღეს საქართველოს პოლიტიკას განსაზღვრავს არა პრეზიდენტი სააკაშვილი, არამედ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ასე რომ, როგორც ხშირად მომხდარა, ამჯერადაც არ გაგვიმართლა, მაგრამ ბრძოლა ამ მიმართულებით არ უნდა შეწყვიტოთ, მიზანი მიღწევადია, მიღწევადია NATO-ს სრული წევრობა მათ შორის მე-5 მუხლის ჩათვლით. მოკლედ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ ასე უაზროდ შორს არასდროს ვყოფილვართ NATO-სგან ჩვენივე საკუთარი პოლიტიკის გამო და არა რაიმე სხვა გარე ფაქტორების გამო.

- ბატონო ბაჩანა, თქვენ იყავით მინისტრი, რომელსაც ექვემდებარებოდა  პენიტენციალური სისტემა, ახლა კი ამავე სისტემაში იხდით სასჯელს, რას შეცვლიდით, რას გააუმჯობესებდით ციხეში?

- ოდნავ შეგისწორებთ, სასჯელაღსრულების მინისტრი მე არასოდეს ვყოფილვარ, მე ვიყავი მხოლოდ დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჩემს ზემოთ მუდმივად იყო სხვა რამდენიმე მინისტრი. რაც შეეხება იმას, თუ რას შევცვლიდი, გეტყვით - ძალიან ბევრს! მაგრამ არაფერს იმისგან განსხვავებულს, რაც მე დავნერგე - ეს იყო ქურდული სამყაროს ალაგმვა და წესრიგის დამყარება, ეს იყო ციხიდან მართული, ქუჩაში გადმოსული კრიმინალის შებოჭვა. გარწმუნებთ, როგორც კი დავტოვე სად-ის თავმჯდომარის პოსტი და გადავედი თავდაცვაში, მე არც სურვილი არც უფლებამოსილება არ მქონდა რამეში ჩავრეოდი. რეფორმის მოწინააღმდეგეებმა, პოლიტიკოსებმა, კრიმინალებმა ისარგებლეს რა იმით, რომ მე საზოგადოებასთან კომუნიკაციას და PR-ს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდი და ფართო მასშტაბიანი კამპანია დაიწყეს ჩემ წინააღმდეგ. ბევრმა საკუთარი ჩავარდნის ჩემზე გადმობრალება დაიწყო. საზოგადოებრივმა სახეებმა მომგებიანად ჩათვალეს ჩემი კრიტიკა საკუთარი პირადი და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. როგორც ვთქვი „შევცვლიდითქო“ ეს მხოლოდ ჰიპოტეტურად, თორემ ამ თანამდებობაზე მე ჩემს თავს ნამდვილად არ ვხედავ მომავალში, ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ მე კი დავამყარე წესრიგი, მივუჩინე ქურდულ სამყაროს თავისი ადგილი, მივაღწიე იმას რომ საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს ვერ იბარებდნენ „ქურდულ გარჩევებზე“ და ა.შ. მერე გარკვეულმა ძალებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ისე შესაცვლელი ამ სისტემაში ბევრია, სამწუხაროდ, სისტემა კვლავ ჩამოსართმევია კანონიერი ქურდებისთვის და დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის.

- რა შეფასებას მიცემთ, სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული პირის-წითელაშვილის საიდუმლო ობიექტზე ფოტო-ვიდეო გადაღებას, რომლის  შესახებაც ინფორმაცია ჰქონდა მინდია ჯანელიძე?

- ჰო, საინტერესო თემაა. გამოვიყენებ თქვენთან ინტერვიუს შესაძლებლობას და ჯერ იმას ვიტყვი, რომ ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიმწოდებელი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, ვფიქრობ, თუ ყველაზე უფრო არა, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეპორტიორია. იმედი მაქვს, მიყვება ბოლომდე ამ სკანდალურ ისტორიას. სინამდვილეში კი ამ თვალსაზრისით ჩვენ ბევრად უფრო დიდი პრობლემები გვაქვს. ეს ისტორია იყო ჩემთვის დიდი ხნის წინ ცნობილი, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია 100%-ით გადაცემულია რუსებისთვის, აბსოლუტურად ყველაფერი. უფრო მეტსაც გეტყვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიარაღებაში არსებული მნიშვნელოვანი ტექნიკა განადგურდა, მაგალითისთვის 25 ტანკი დაჭრილი იქნა როგორც ჯართი და ჩამოწერილი. ვინმე თუ იტყვის, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს ტანკები მოძველდაო, მაშინ ახლით მაინც ხომ უნდა ჩანაცვლებულიყო. სინამდვილეში კი არაფერი იქ დაძველებული არ იყო, ამ ტიპის ტანკებით სავსეა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვათაშორის რუსეთშიც აქტიურად გამოიყენება. რაც შეეხება ამ გვარებს ჯანელიძე-წითელაშვილი, ესენი უბრალოდ „ბრიყვი მოღალატეები“ არიან, მაგრამ კარგად შენიღბულ „ინტელექტუალურ მოღალატეებს“ არანაკლები ზიანი მოქვთ. ყოველშემთხვევაში მე წარმატებას ვუსურვებ ამ მოღალატეების მამხილებლებს და იმედი მაქვს ნოდარ მელაძის რეპორტაჟი აუცილებლად დასრულდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და მოღალატეები დღეს თუ არა ხვალ მაინც აღმოჩნდებიან ციხეში.

- ვინ  არის თქვენთვის მიხეილ სააკაშვილი? 

- საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. ადამიანი, რომელმაც საქართველო სახელმწიფოდ აქცია და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ სახელმწიფოს გამდიდრება და გაერთიანება. პოლიტიკოსი, რომლის არ გამოყენების უფლება არ აქვს დღევანდელობას.

- ალბათ, გსმენიათ "თავისუფალი ზონის" შესახებ, როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას? 

- რა თქმა უნდა,  უფრო მეტიც, მუდმივად ვიცი თქვენი ყველა აქტივობა, თავიდანვე გადევნებდით თვალ-ყურს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პატივია, რომ დაინტერესდით ჩემთან ამ პატარა ინტერვიუს გაკეთებით (სრულიად გულწრფელად გეუბნებით, ყოველგვარი ეტიკეტის გარეშე). ყოველთვის მომწონდა თქვენი აქტივობები, ერთგვარი ახალგაზრდული მაქსიმალიზმი და რაც ყველაზე უფრო მხიბლავს არის ის, რომ გაქვთ აბსოლუტურად სწორი და პატრიოტული პოზიციონირება და თქვენი მოქმედებები რომ სწორი და გულწრფელია, მენდეთ ამ შეფასებაში, ამდენი გამოცდილება ნამდვილად მაქვს რომ მივხვდე სად არის გულწრფელი პატრიოტიზმი და სად სხვა რამ თუ თქვენთვის რამეს ნიშნავს, მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა ამ წლებში, ამ ურთულეს პერიოდში ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მაგრები ხართ, ყოჩაღ!

- და ბოლოს, ნახევრად ხუმრობით: ბატონო ბაჩანა, იმ მითების  ნგრევაში, რასაც თქვენ გივრცელებდნენ, ლომის წვლილი მიუძღვის თქვენს მეუღლეს, ქალბატონ ანი ნადარეიშვილს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯობდა ანიზე ჩაგებარებინათ თქვენი პიარის საკითხები? 

- ნახევრად ხუმრობით ანიზე? საინტერესოა. ალბათ, გესმით, ამ ინტერვიუში არ ვისაუბრებ მის წვლილზე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ სერიოზულად შემიძლია ის ვთქვა, რომ ანის რაიმე პიარზე თუ იმიჯზე ბევრად უფრო მეტი რამ აბარია - ეს ჩემი სული და გულია. ჩემი სულის სიმტკიცე სწორედ ანის მხარდაჭერის შედეგია. ადრე, როცა მუდმივი, დაუსაბუთებელი, ამორალური, ზიზღიანი ცილისწამებების ქარიშხალის მსხვერპლი ვიყავი, ამას მხოლოდ იმიტომ ვუძლებდი, რომ რაიმე აქედან ანის პერსონას არ ეხებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი ამ უსინდისობას.

 

"ვინც დღეს ახალაიების ანათემაზე გადაცემას მოითხოვთ, სად იყავით მაშინ? ერთმანეთს ასწრებდით მათთვის მეგობრობის დამტკიცებას"

 
06 December, 2016
 
839
 

"ვის ატყუებთ? - საკუთარ თავებს? ხალხი ბრბო არ არის, ხალხი ძალაა, ხოლო ძალა აღმართს ხნავს!"

 
05 December, 2016
 
1204
 

"დღეს ეს ბიჭი 36 წლის გახდა, ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს, სიბერე კი ტკბილი ექნება გაგრაში..."

 
24 October, 2016
 
4120
 

"რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება - ყველაფრის ამის „გაპრავება“, თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა"

 
10 October, 2016
 
593
 

"ისინი აუცილებლად წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ვერცერთი მათგანი პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა"

 
23 May, 2016
 
348
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა