ამინდის პროგნოზი

"სამწუხაროდ, მე ვერც ჩემი თავის დაცვა შევძელი და ვერც მას შემიძლია დავეხმარო გარდა იმისა, რომ აზრი გამოვთქვა"

 
12 December, 2016   4 თვის 1 კვირის წინ
 
779

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას შრომის ინსპექცია, შექმნას კანონი, რომელიც დაქირავებულს დაიცავს, რომელიც სამსახურებში ელემენტარულ უფლებებს დაიცავს.

"დღეს ბევრმა გაიგო ალბათ ერთი მოქალაქის ამბავი, რომელიც სამსახურიდან გამოაგდეს და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიარა და რა ელის ხვალ; ეს არის თემა, რომელზეც წლებია, ვლაპარაკობ, უსუსური, უუფლებო დაქირავებულები რომ ვართ, არც კანონი რომ არაა ჩვენს მხარეს და არც სახელმწიფო, ადამიანთა ნებაზე რომაა აწყობილი ის იმუშავებ თუ არა და არა წესსა და სტანდარტზე; ასე გამომაძევეს თავად მე ილიას უნივერსიტეტიდან, სადაც 9 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვაკეთებდი იმაზე მეტს, ვიდრე მევალებოდა, მაგრამ კონკრეტული პირების ნებამ და არა დაქირავებულის კვალიფიკაციამ გადაწყვიტა საკითხი.

სად არის ამ დროს სახელმწიფო? არსად არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ის, ადამიანი იმუშავებს თუ არა, ეს მისი პროფესიონალობითა და შესაძლებლობებით კი არ იზომება, არამედ კონკრეტული პირების ნებით, მათ შორის სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებში; ისე, რომ არავის აინტერესებს შენს უკან რამდენი ადამიანია, შენს შემოსავალზე, როგორ აწებებ თეთრებს ერთმანეთს და როგორ იბრძვი ყოველი ლარისათვის.

სამწუხაროდ, ასეთი ისტორია ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში და არც იმის იმედი მაქვს, რომ ვინმეს აღელვებს ან ერთი აღებული ნიკა ჩერქეზიშვილი, ან ერთი აღებული არჩილ გამზარდია ან ძალიან ბევრი სხვა.

ჩემი თანაგრძნობა ნიკას, ჩემს თავს, ათასობით მოქალაქეს. სამწუხაროდ, მე ვერც ჩემი თავის დაცვა შევძელი და ვერც მას შემიძლია დავეხმარო გარდა იმისა, რომ აზრი გამოვთქვა და ხელისუფლებას მოვუწოდო კიდევ ერთხელ, მეასედ, მეათასედ, შექმნას შრომის ინსპექცია, შექმნას კანონი, რომელიც დაქირავებულს დაიცავს, რომელიც ჩვენ სამსახურებში ელემენტარულ უფლებებს დაიცავს", - აცხადებს გამზარდია.