ამინდის პროგნოზი

“ჩვენ არ შევუქმნით პრობლემებს ამერიკელ დიპლომატებს, არავის გავაძევებთ"

 
30 December, 2016   3 თვის 2 კვირის წინ
 
291

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებასა და ახალ სანქციებს სიმეტრიულად არ უპასუხებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინს აშშ-ის სანქციების საპასუხოდ 35 ამერიკელი დიპლომატის პერსონა "ნონ-გრატად" გამოცხადება შესთავაზა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვს აქვს ყველანაირი საფუძველი აშშ-ს ადეკვატურად უპასუხოს, მას არ სურს “სამზარეულოს დიპლომატიის” დონეზე დაეცეს.

“ჩვენ არ შევუქმნით პრობლემებს ამერიკელ დიპლომატებს. ჩვენ არავის გავაძევებთ, არ ავუკრძალავთ მათ ოჯახებსა და შვილებს ახალ წელს მათთვის ჩვეული დასვენების ადგილების გამოყენებას. მეტიც, რუსეთში აკრედიტებული ყველა ამერიკელი დიპლომატის შვილებს ვეპატიჟები კრემლში საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეზე”,  - ნათქვამია პუტინის განცხადებაში, რომელიც კრემლის ვებგევრდზე გამოქვეყნდა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, “სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობას ამგვარად ამთავრებს”.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპს და აშშ-ის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

29 დეკემბერს თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა და ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციები უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს.

გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლება დაკეტავს მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. პერსონა "ნონ-გრატად” გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.