ამინდის პროგნოზი

ჩემი "ნაციონალი პრეზიდენტი“

 
25 July, 2015   1 წელი 8 თვის წინ
 
2020

წლების წინ ერთ ნიჭიერ დიზაინერ-არქიტექტორთან ვმეგობრობდი. მისი ძმა სასჯელს იხდიდა. როგორც მახსოვს - ყაჩაღობის ბრალდებით. ჩემი მეგობარი ძმის მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამ განცდას შეძლებისდაგვარად მალავდა. ბუნებით მგრძნობიარე იყო, მოვლენებსაც სხვანაირად ხედავდა. ამბობდა, ნიჭი მონაცემია, რომელსაც ან გაძლევს უფალი, ან არა, მაგრამ, თუ შრომა არ გეზარება და ინტელექტი და ნებისყოფაც გაქვს - ეს ყველაფერი, ხშირად, ნიჭზე მკაფიო შედეგს იძლევაო. იმასაც ამბობდა - თუ ჩემი ძმა ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს საკანში იხდის, მე საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა საკნის გარეთ მახდევინებს ჩემი ძმის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზღაურსო.

არ ვიცი, მისი ძმა პრეზიდენტმა შეიწყალა, თუ ციხე სრულად ვალმოხდილმა დატოვა. დიდი ხანია, აღარ მინახავს. რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე, პატიმრობიდან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ძმა გათავისუფლდა. ამაზე კი ხმაური ატყდა და ბევრისთვის მიუღებელ გათავისუფლებას ლამის მთელი პოლიტიკური ელიტა გამოეხმაურა. რა სახის კომენტარი აღარ მოვისმინეთ: იყო შეფასებები, აზრთა ჭიდილი, შეურაცხმყოფელი ბრალდებები, 9- წლიანი მმართველობისა და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულთა წამოყვედრება, ქილიკი, კრიტიკა, ემოციური განცხადებები.

თუკი მმართველი ძალა ადრე თავის მიერ შერჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატს ვეტოების, ავლაბრის რეზიდენციისა და სხვადასხვა განცხადების გამო აკრიტიკებდა, დღეს აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების აქტი იმის საფუძველი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერსა და მთავრობის მეთაურს პრეზიდენტისთვის „ნაციონალის“ იარლიყი მიეწებებინა.

პრემიერის განცხადებით: „მსჯავრდებულ ბობოხიძეს, რომელიც პროკურატურამ დააკავა, მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამიანებს, ძალიან მალე შეიწყალებს“.

ბევრისთვის საქილიკოდ ქცეულმა წინდის ქსოვის ცოდნამ, ეტყობა, მარგველაშვილის ხასიათს ძაფების საჭირო ადგილებში გადანასკვის უნარი შესძინა. ამასთან, პლასტელინად ხსენებულმა კაცმა, მაღალ თანამდებობაზე ისეთი მტკიცე ხასიათი გამოავლინა, რომელიც მოქმედ პრემიერს განცხადებებში სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს აშვებინებს.

არადა, ეს ის მარგველაშვილია "შიშველი ხელებით", ანუ ღარიბაშვილის პრემიერობამდე, სააკაშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის მმართველობას თავადაც რომ ებრძოდა.

და რომელზეც, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, ყოფილმა პრემიერმა, ბატონმა ივანიშვილმა, ფსონი დადო, რომ "გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნებოდა".

არ შემცდარა ივანიშვილი - მისი ეს ვარაუდი "ქართული ოცნების" სხვა დაპირებებზე მეტად გამართლდა. რეალურად, მარგველაშვილს, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ყველა ჩვენს პრეზიდენტად აღვიქვამთ. ამასთან, „ოცნებაში“ ის ლამის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომლის რეიტინგი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაინტერესებულიყო, რამდენად იმსახურებდა ბობოხიძის ძმა შეწყალებას, ან გაერკვია - შეწყალების კომისიის მიერ ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას იყო თუ არა დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, ინსტიქტური ემოციის ფონზე გაკეთებული განცხადებით, ფაქტობრივად, ხაზი გაუსვა პოლიტიკურ შერჩევითობას სამართალში. არადა, შერჩევითობა იყო მთავრი მიზეზი იმ მიზეზთა შორის, რომელმაც წინა ხელისუფლების მმართველობის დასასრული დააჩქარა.

არადა, გონებამახვილი პრემიერი ამ ფაქტს მთავრობისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ გამორჩეულობის ხაზგასასმელად გამოიყენებდა და იმ ცნობიერებას, რომელიც ვარდების ხელისუფლებამ დაამკვიდრა - სასჯელის ზომა ხშირ შემთხვევაში ძმებისა თუ ნათესავების პოლიტიკური შეხედულებით რომ განისაზღვრებოდა, საბოლოოდ, წერტილს დაუსვამდა. სამწუხაროდ, მან მხოლოდ ბობოხიძის ძმის ფაქტორი დაინახა და ჩვეული მიდგომით ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც მის პოლიტიკურ უმწიფობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

 

პაპუნა შუშანია

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა