ამინდის პროგნოზი

"ეს ჩემი განსაცდელია, რასაც ალბათ, ვერ ავიცილებდი" - ადამიანი, რომელმაც უამრავი ბავშვი გადაარჩინა, თავად არის საფრთხეში

 
17 August, 2015   1 წელი 4 თვის წინ
 
1609

დათო კინწურაშვილი მაშინ გავიცანი, როცა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში უამრავი ბავშვი აღმოჩნდა ქუჩაში, მშიერებსა და გაყინულებს პირდაპირ ასფალტზე ეძინათ. მან ამ ბავშვებიდან დაიწყო, - ასე, პირდაპირ ქუჩაში მძინარე პატარებს ხელში იყვანდა და საპატრონოდ შინ მიჰყავდა. ამ წარმოუდგენელმა გმირობამ ბევრს მისცა სტიმული, რომ მას ამ საქმეში დახმარებოდა. ასე შექმნა საქვემოქმედო ფონდი "მომავლის გზა" უსახლკარო პატარებისთვის. და არა მხოლოდ, - დიდებისთვისაც: საკვებით სავსე ჩანთებით ხელში კარდაკარ დადიოდა და უდიდესი ძალისხმევით შეგროვილ პროდუქტს, წამლებს თუ ტანსაცმელს ურიგებდა მათ, ვისთვისაც ეს გადარჩენის ტოლფასი იყო. ზოგიერთს მართლაც სულზე მიუსწრო და სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან. ასე გადიოდა წლები, პირადად მეც რამდენჯერმე გავგზავნე მის საქვემოქმედო სახლში პატარები. არასოდეს დამავიწყდება ოთხი და-ძმა, რომლებიც დათო კინწურაშვილმა ქუჩას წაართვა და ადამიანებად აქცია... არასოდეს დამავიწყდება ონკოლოგიურ საავადმყოფოში გარდაცვლილი მხატვარი ნინო ფირცხალაიშვილი, რომელმაც მკურნალობისთვის სახლ-კარი გაყიდა და ბოლოს დათო კინწურაშვილმა დაკრძალა.… 

ახალა კი თურმე თავად მას სჭირდება დახმარება. ამან შემზრა, - მეგონა ვერაფერი წააქცევდა, არასოდეს გაუჭირდებოდა… მაგრამ ასე არ მოხდა,- შინ მივაკითხე და სულ სხვა ადამიანი დამხვდა, ხომ კარგად ხართ-მეთქი? - ცუდად ვარ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდაო. არ მოვეშვი...

დათო კინწურაშვილი:

- მთელ სხეულში ძალა მაქვს გამოცლილი, რაც მემართება, ძნელი აღსაწერია, - ტკივილი უცებ, ფეხის კუნთებიდან მეწყება, მთელ სხეულში მივლის და ძალას მაცლის. ამ დროს თავის ისეთი ტკივილი მეწყება, თითქოს სკალპს მაცლიდნენ... ამის გაძლება უკვე ძალიან მიჭირს. ამაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ დროს მთელი სხეულიდან მეცლება ძალა და ვეცემი. თითების განძრევაც კი არ შემიძლია, პარალიზებული ვარ, თვალებსაც კი ვერ ვახამხამებ, საღი მხოლოდ გონება მრჩება. ეს ყველა ტკივილზე საშინელებაა, ვაცნობიერებ, ჩემს თავს რაც ხდება… მერე როდის-როდის, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ძალა ნელ-ნელა მიბრუნდება. 

- ეს როდის დაიწყო?

- შარშან ნოებერში. მაგრამ მაშინ შეტევებს შორის ხანგრძლივი პერიოდები იყო. ახლა ეს პერიოდები დამოკლდა და ყოველწამს ველი, რომ რაღაც საშინელება დამემართება. ჩვენს ქვეყანაში რაც არსებობდა, ყველა გამოკვლევა გავიკეთე, მაგრამ დიაგნოზი ჯერაც ვერ დამისვეს - ექიმები ამბობენ, მსგავსი სიმპტომები არ შეგხვედრიაო. პირველად გაციება ეგონათ და გრიპის წამლები გამომიწერეს. ამ წამლებმა ძალიან ცუდი საქმე მიქნეს, - ლოგინად ჩავვარდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. საკუთარი შვილებიც დავზაფრე და სხვისი შვილებიც, - საქველმოქმედო სახლიდან სულ მწერენ, - დათო ბიძია, ისევ ცუდად ხარ, რატომ არ მოდიხარო? მე კი სიცხეში გარეთ გასვლა აკრძალული მაქვს. 

- წარმოუდგენელია, რომ ამდენ ხანს ექიმებმა დაავადების დიაგნოზი ვერ დასვეს…

- რას ვიზამ, თურმე ასეთი რამაც ხდება, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც…და სწორედ მე დამემართა. ეს ჩემი განსაცდელია, რასაც ალბათ ვერ ავიცილებდი. მაგრამ პროტესტი მაინც მაქვს, ეს მაგიჟებს, - ვიცი, რომ უცხოეთში ამ დაავადების მიზეზს გამოიკვლევენ, შეიძლება სულაც მარტივი რამეც იყოს და გადავრჩე, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს ეს შესაძლებლობაც ჩვენს ქვეყანაში? საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას ყველა ხომ არ შეუძლია…

- თქვენ შეგიძლიათ? - არა, საიდან... გამოკვლევისთვის გერმანიაში უნდა წავიდე, ამისთვის კი 30 000 ევრო მაინც უნდა მქონდეს. ამდენ ფულს როგორ მოვაგროვებ...

- მერე იქნებ გვიანაც იყოს. თქვენს საქველმოქმედო სახლს ხალხი ეხმარება, იქნებ თქვენც დაგეხმარონ. - რა კავშირშია ბავშვებისთვის გაღებულ ქველმოქმედებასთან ჩემი დახმარება?! ჩემი მეგობრები ცდილობენ ჩემს გადარჩენას და თუ რაიმე გამოუვათ, ვნახოთ.

თუკი მისი დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ამ რეკვიზიტებით ისარგებლოთ:

საქართველოს ბანკი. ანგარიში: GE97BG0000000719650600

მიმღები დავით კინწურაშვილი

სატელეფონო ზარი 0901500546 "მაგთი", "ბილაინი" და "ჯეოსელი".

 

"კვირის პალიტრა"

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა