ამინდის პროგნოზი

ჯადოსნური მაღაზია

 
09 October, 2015   1 წელი 4 თვის წინ
 
1217

ამქვეყნად არსებობს უამრავი რამ, რის გამოც მოვკვდები და არაფერი, რის გამოც მოვკლავ. მაჰათმა განდი

არსი მხოლოდ იმაშია, რის გამოც მოვკვდები, სწორედ ის მაცოცხლებს და ქმნის ჩემი პიროვნების მძლავრ კონსტრუქციას.  

რაც სიცოცხლედ მიღირს, სწორედ ის მიღირს სიკვდილად. და თუ არაფერია, რაც მიღირს სიკვდილად, მაშინ არ მიგრძვნია სიცოცხლე თავისი სისრულით.

რწმენა, სურვილი, ღირებულება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კაცობრიობის ბედის სხვა კალაპოტში გადამგდები და შეიძლება (უმეტესწილად) დაყვანილი იყოს ელემენტარულ ჰედონისტურ სურვილებამდე. ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჯადოსნური მაღაზიის უნივერსალური პრინციპისთვის. შეიძლება იცოცხლო და მოკვდე მხოლოდ შენი შვილებისთვის და შეიძლება იცოცხლო და მოკვდე ყველას შვილის ბედნიერების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში შენი სულიერი ჯიბის პროპორციულად, ძვირი გექნება გადასახდელი.

არის საპირისპირო შენაძენიც ცხოვრების ჯადოსნურ მაღაზიაში, - ადამიანი კლავს თავის სურვილს, თვალი არ გაურბის დახლზე გამოფენილი საცდურისკენ და ამით არჩევანს აკეთებს რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანის შესაძენად და გადასარჩენად.

ცნობილმა მოდელმა, კრისტი ტარლინგტონმა ერთ ინტერვიუში თქვა, ბედნიერება მასუქებსო. შეყვარებული როცაა და სიცოცხლე უხარია, თურმე მადაც ემატება. მისი კილოგრამების მატება, სამუშაოს და ანაზღაურების კლებას ნიშნავს. ასარჩევია, ორი კილო ბედნიერება, ორი მილიონი დოლარის სანაცვლოდ.ერთ ძალიან ლამაზ ბიჭს ძალიან ლამაზ გოგოზე უთხრეს, შეეშვი, ძვირად დაგიჯდებაო. ანთებული სახით უთქვამს, რომ მომკლან, მიღირსო. მოკლეს.

ალბათ, ხშირად გითქვამთ, ოღონდ ჩემი თვალით მანახა, განმაცდევინა და ნახევარ ცხოვრებას მივცემდიო. კარგად რომ დაფიქრდეთ, უმეტესი თქვენი სურვილი ამდენი არ ეღირებოდა. სინამდვილეში ორი წელი რომ კონკრეტული მიზნისთვის ქმედებაში დაგეხარჯათ, ხშირ შემთხვევაში, ალბათ, სრულიად საკმარისი აღმოჩნდებოდა, ის თქვენთვის საინტერესო რამ უნახავი და შეუგრძნობელი რომ არ დაგრჩენოდათ.

ჯადოსნურ მაღაზიაში შეძენილი განძის საფასურის გადახდა ხანდახან ისე ხდება, ადამიანს ის ნებით გაღებული, გაცნობიერებული არა აქვს. რაც მოიპოვა, იმის დათმობა წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ რაც გადაიხადა, იმ დანახარჯის გამო ზედმეტად წუხს.

თუ მსგავსი გრძნობები გაქვთ, იქნებ თქვენვე სცადოთ, ერთგვარი რეგრესული ავტოთერაპიის გავლა;წინ ძალიან საინტერესო, ხანში შესული ქალი მიზის. წარმატებული. ბევრი შეძლო, ბევრი შექმნა. ცხოვრებისგან დაღლილია. რისთვისაც მიუღწევია, მის ემოციურ კმაყოფილებაში როლს აღარ ასრულებს. წარსულიდან საკუთარი თავი ეხმიანება და ახსენებს ყველა წვრილმან ტკივილს, რომელიც როდესმე განუცდია. უსმენს თავის ახალგაზრდა მეს და ეცოდება. ხო, დღიდან დღემდე მისი თანაგრძნობითაა დაკავებული. ბრაზობს კიდეც მასზე, თავს ვერ იცავდაო. იმის ნაცვლად, ყველასთვის საკადრისი ადგილი მიეჩინა, განრიდებას ამჯობინებდაო.

რეალობა კი ისაა, რომ სწორედ ამ ყოფითი უსიამოვნებებისგან განრიდებამ გააჩინა მისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა, რამაც უამრავი შეაძლებინა სხვისთვის და უდიდესი წარმატება მოუტანა თავად მას.მოდი, მაინც გადავახვიოთ ქალბატონის ცხოვრება და შევცვალოთ სიუჟეტი;

ახალგაზრდა ქალი ილაშქრებს პატრიარქალური ოჯახის წესების წინააღმდეგ. სეტყვას ქვა ხვდება. ანგრევს ოჯახს… ოჰ, ასე ერთი ხელის მოსმით? არა, აქ წავბორძიკდით, ქმარი ძალიან უყვარს. ის ყოველთვის საკმარის ბედნიერებას ჩუქნიდა. აბა რა ვქნათ? ახალ გამოსავალს ვეძებთ.

ახალგაზრდა ქალი ადგილს მიუჩენს ყველას, ვინც მის პიროვნულ თავისუფლებას თავისი წესების ქვეშ აქცევს. ყოველდღე აურზაურია, პასუხის პასუხი არ აყოვნებს, დროდადრო ლეწვის ხმა ისმის და კედლებიც კი ზანზარებს. სამაგიეროდ აჯანყებული გმირია! არავის არაფერს პატიობს. გემზე კაპიტნობისთვის თავდაუზოგავად იბრძვის და თუ ვერ აღწევს, სხვაც ვეღარ კაპიტნობს.
მერე რა ხდება?

გმირობა გმირობაზე. გმირი ჭრილობის გარეშე ვინ გაიგონა? მართალია, წარსულის ყველა ტრავმას შეუპოვარი პასუხი გასცა, მაგრამ რამდენჯერაც დაჭრა, იმდენჯერ დაჭრეს…

ქალბატონი დაიღალა ომში… ქმარიც დაიღალა. ურთიერთობა კრიზისშია. ბავშვები ხშირად ტირიან. ცუდად სწავლობენ. ხშირად ავადმყოფობენ. თვითონაც ვეღარაფერს აკეთებს. თავშესაფარი, - საკუთარი საქმე, - ჩამოინგრა. გაქცევის დროა. სიყვარული ერთერთი აფეთქების ნანგრევებში მოყვა და სასიკვდილოდ დაშავდა. აქედან უნდა წავიდეს. ლამაზი ქალია. ცხოვრება წინაა.

ბრძოლის ველი დაიხურა. თუმცა დროდადრო მტერთან რთული მოლაპარაკებები მაინც უწევს.სხვა სიყვარულიც გამოჩნდა. 

ახალ სიყვარულს ახალი ნათესავები მოჰყვა. აღტაცებული არ არიან რძლით. თუმცა გამოცდილ მეომარს თავი ისე უჭირავს, მხოლოდ ზურგს უკან ბედავენ დარტყმების მიყენებას. ბრძოლის სტილი შეცვლილია. პირისპირ დატაკება არ ხდება, რაც ზრდის შინაგან დაძაბულობას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალბატონმა “გაიარა” ცხოვრება რამდენიმე სხვადასხვა სცენარით და საბოლოოდ, შეურიგდა თავის ახალგაზრდა მეს, რომელიც, თავიდან და უკეთ რომ გაიცნო, აღმოაჩინა, რომ დღევანდელ მეზე ბრძენი ყოფილა. ნებისმიერ სიტუაციაში თითქმის ყოველთვის, შესაძლო ვარიანტიდან  საუკეთესო, ყველაზე სწორი ნაბიჯები აურჩევია. პრაქტიკულად არცერთი ბრძოლა არ წაუგია.მიუხედავად იმისა, რომ მრავალი  წელი, სამზარეულოში ქვაბები რა თანრიგით იქნებოდა დალაგებული, მისი გადასაწყვეტი არ გამხდარა, სრულიად ბანალური ომისთვის და ბიოგრაფიისთვისაც თავი აურიდებია, დიდი სიყვარულიც გადაურჩენია და რაც მთავარია, ის საქმე განუვითარებია, რომელმაც  მოუტანა აღიარებაც, დამოუკიდებლობაც და საბოლოოდ, ქვაბების თავის ნებაზე დალაგების უფლებაც.  ცხოვრების ჯადოსნურ მაღაზიაში ნებისმიერი რამ რაღაცის სანაცვლოდ გაიცემა.

თუმცა არიან ძუნწები და თაღლითები, ყველაფრის მოპოვებას იაფად ან უფასოდ რომ ცდილობენ. სიყვარული უნდათ ზრუნვის გარეშე, აღიარება უნდათ შრომის გარეშე. ხანდახან გარედან მაყურებელ  თვალს ეჩვენება, რომ იპოვებენ კიდეც, მაგრამ ეს ილუზიაა, მოგეხსენებათ, მარკეტინგული ოინები, საჩუქარი სინამდვილეში არასდროსაა უფასო. სანაცვლოდ სიცარიელით, სულიერი შიმშილით, არასრულფასოვნების კომპლექსით უწევთ გადახდა.

ჯადოსნური მაღაზიის მკაცრი და სამართლიანი ანგარიშგების საიდუმლო სწორედ ესაა. აქ ვერ ითაღლითებ. საფასურის უხილავი ქვითარი  აუცილებლად დაგეწევა.

ჯადოსნურ მაღაზიაში ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იშოვება. ოღონდ ინატრეთ, მაგრამ კარგად გაიაზრეთ, დაიანგარიშეთ და დაეთანხმეთ საფასურს, რომლის გადახდაც მოგიწევთ. რად ღირს სურვილი და რას დათმობდით შესრულების სანაცვლოდ.

მთავარია, დაივიწყოთ სიტყვები “არ” და “ვერ”. არსებობს მხოლოდ “არ მინდა” , ან “არასაკმარისად მინდა”. როცა ადამიანს ნამდვილად უნდა, ის მთვარეზე დგამს ფეხს.

“ხანდახან ეჩვენებათ, რომ სურვილებს სძლიეს და ამაყობენ კიდეც ამ გამარჯვებით. სინამდვილეში სურვილი იყო სუსტი.” (ლაროშფუკო)

ვინატროთ ძლიერად. ნატვრაში მაინც ნუ დავმარცხდებით და ჯანიც გავარდეს, საფასურიც დაუნანებლად, თავისი “ჩაევიეთი” გავიღოთ.     

 

                                                                                           
http://blogs.liberali.ge/

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა