ამინდის პროგნოზი

თბილისში რუსეთის ქართული დიასპორის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა

 
03 November, 2015   1 წელი 4 თვის წინ
 
1332

25-30 ოქტომბერს თბილისში რუსეთის ქართული დიასპორის ახალგაზდა აქტივისტების ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის ორგანიზატორი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით კულტურული ურთიერთკავშირის ცენტრი "კავკასიური სახლი" იყო. ვიზიტის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რათა გაცნობოდნენ სამშობლოში არსებულ პოლიტიკურ, სოციო–ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია თანამედროვე საქართველოს შესახებ.

ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრით დაიწყო, რისი დიდი სურვილი თავად დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. პატრიარქმა დელეგაციას მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ აკისრია დიდი პასუხისმგებლობა რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების შენებაში. ასევე პატრიარქმა ქართველი ახალგაზრდები მოსკოვში ახალგაზრდული გაერთიანების შექმნაზე კურთხევა მისცა.

პროექტის მონაწილეები ასევე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს. დელეგატები რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ განვითარებული ურთიერთობებით დაინტერესდნენ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატის არსებობის პერიოდში უამრავი შეთანხმება იქნა მიღწეული, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე ფარულავამ განმარტა, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არა მხოლოდ ნატო-ს მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, არამედ ავღანეთი ძალიან ახლოს მდებარეობს საქართველოსთან, ამიტომ ავღანეთის მისია პასუხია საქართველოს მიმართ პოტენციურ საფრთხეზე.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ დარახველიძემ С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამაზე და აფთიაქებში პრეპარატებზე რეცეფტურული რეგლამენტირების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის გამო, რომ პაციენტები დიდი რაოდენობით და უნორმოდ იღებდნენ პრეპარატებს, მითუმეტეს ანტიბიოტიკებს, მათ უმრავლესობას წამლების დიდ ნაწილზე რესისტენტობა გამოუმუშავდა. ექიმი კი, რომელიც რეცეფტს გამოუწერს პაციენტს, ამ პრობლემის თავიდან აცილების საწინდარია.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დელეგატებს ახალგაზრდული გაერთიანების შექმნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სასურველია ხელმძღვანელობის როტაცია ტარდებოდეს, ხოლო ორგანიზაციის აქტივისტებად 35 წლამდე პირები შეირჩეს. გარდა ამისა, დუმბაძე ახალგაზრდებს მისი უწყების პირობებში ყველანაირ მხარდაჭერას დაპირდა. ასევე მინისტრმა მოსკოველი ჟურნალისტი, მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ქართული ტაძრის წარმომადგენელი ანდრო ივანოვი ქართული დიასპორის ახალგაზრდა ლიდერების კონკურსში გამარჯვებისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ასევე შეხვედრა გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელმაც ახალგაზრდებს თსუ-ში ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნაზე ესაუბრა.

დელეგატები თბილისის იუსტიციის სახლს და თსუ-ს ესტუმრნენ. აქტივისტებს, მოქალაქეების იურიდიული მომსახურების სფეროში საუკეთესო მიღწევები წარუდგინეს. უნივერსიტეტმა კი საკუთარ მუზეუმში ექსკურსია მოუწყო.

გარდა ამისა, საინტერესო შეხვედრა გაიმართა კავკასიური სახლის ხელმძღვანელთან და მწერალთან ნაირა გელაშვილთან, რომელმაც დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო "კავკასიური სახლის” ისტორია და თანამედროვე პერიოდში მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სოციალური გაერთიანებების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც ისაუბრეს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და საქართველოში არსებული სოციალური მოძრაობების ტენდენციებზე. პროექტის მონაწილეების ვიზიტი საქართველოში დასრულდა კახეთში სტუმრობით.

"სამწუხაროდ, საქართველოში დიასპორის როლი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში, ბოლომდე არ არის გააზრებული, განსაკუთრებულად ფრთხილი დამოკიდებულებაა რუსეთის ქართული დიასპორის მიმართ, რადგან აქ თვლია, რომ მას საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ, რომ რუსეთის ქართული დიასპორა დადებითად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. მთავარია, არსებობდეს სწორი და ხანგრძლივი პოლიტიკა დიასპორებთან მიმართებაში. ვთვლი, რომ "კავკასიური სახლის" მიერ ორგანიზებული ხუთდღიანი ტური საქართველოში, წარმატებული სტარტი იქნება დიასპორებთან კავშირის ინტენსიფიკაციაში", - განაცხადა კავკასიური სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა.

თავად დელეგატები ვიზიტით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მათი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს პირველი პროდუქტიული და მაღალ დონეზე ორგანიზებული ვიზიტი იყო. МГИМО-ს ქართული კლუბის კურატორმა ზურაბ შავლიძემ ვიზიტს "ისტორიული" მოვლენა უწოდა. "ჩვენთვის, მომავალი დიპლომატებისთვის მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ძალიან დიდი მადლობა "კავკასიური სახლის" ყველა წევრს, რომლებიც უმიშვნელოვანესი საკითხებით არიან დაკავებულნი და კავკასიელი ხალხების ურთიერთობებზე ზრუნავენ", - აღნიშნა შავლიძემ.

დელეგაციის წევრმა ვიქტორია გვეტაძემ გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ეს ვიზიტი ნაყოფს გამოიღებს.

"ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პროექტი ბევრისთვის სამაგალითო იქნება. დიდი ენთუზიაზმი და უამრავი ენერგია მოგვეცა სამომავლო მუშაობისთვის. ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას "კავკასიურ სახლს", - განაცხადა გვეტაძემ.

 

 

 

ანდრო ივანოვი, სპეციალურად Front News-სთვის

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა