ამინდის პროგნოზი

ძველი ახალი რეალობით!

 
07 November, 2015   1 წელი 5 თვის წინ
 
1828

დღეს 7 ნოემბერია. 8 წლის წინ ამ დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დღის ბოლოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა, რაც საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

ძირითადი მოვლენები, რომლებმაც 2007 წლის პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია:

12 სექტემბერი: შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

14 სექტემბერი: ორმა დეპუტატმა - თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ასევე ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები არიან, მმართველი პარტია დატოვეს.

25 სექტემბერი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის ქიბარ ხალვაშის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა დაიწყო. 

იმავე დღეს, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”. მან პრეზიდენტი სააკაშვილი ”ანტი-სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში” და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა. 

27 სექტემბერი: ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს. 

28 სექტემბერი: პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 

29 სექტემბერი: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის ბრალდებები მის მიმართ ყალბია.

8 ოქტომბერი: ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები ”პოლიტიკური დივიდენდების მიღებას” ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო. 

10 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა, აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს. 

11 ოქტომბერი: ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის. 

17 ოქტომბერი: ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა. 

19 ოქტომბერი: ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.

22 ოქტომბერი: ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ განცხადებას აკეთებს.

23 ოქტომბერი: რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.

25 ოქტომბერი: პარტია საქართველოს გზის, თავისუფლების და რესპუბლიკელების ლიდერები სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდნენ. შეხვედრა ათი პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიციის საერთაშორისო მცდელობების ნაწილი იყო, რათა წარმოეჩინათ თავიანთი ზომიერი, ნაკლებად რადიკალური, პოზიცია.

28 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ ”ცივილიზებული გზით” გამართონ აქციები.

ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.

30 ოქტომბერი: გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. პოლიცია ხელკეტებით სცემს მომიტინგეს.

1 ნოემბერი: რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

2 ნოემბერი: ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

3 ნოემბერი: ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.

7 ნოემბერი: პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა. ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიების „იმედი“ და „კავკასია“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. 

8 ნოემბერი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

11:00 საათისთვის, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა.
საქართველოს მიერ სამი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთმა ასევე სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დანიშნა.
16 ნოემბერი: გაუქმდა საქართველოს მასშტაბით 7 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა.

2015 წლის სექტემბერში საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სასამართლო განხილვები დაიწყო. საქმეზე - "ქიბარ ხალვაში რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვები 19 ოქტომბერს დაიწყო, პირველი მოსამზადებელი სხდომა კი 17 სექტემბერს გაიმართა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები კვირაში რამდენჯერმე ინიშნებოდა. საქმის განმხილველი მოსამართლე ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდა "რუსთავი 2"-ის და TV საქართველოს იურისტების შუამდგომლობებს.  "რუსთავი 2"-ისა და TV საქართველოს იურისტები, ასვე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორიც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ. ამასთან, ნიკა გვარამიამ და კომპანიის იურისტებმა უნდობლობა გამოუცხადეს მოსამართლე ურთმელიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ურთმელიძე განაჩენს ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანდა და დაუყონებლივ აღსრულებას მოითხოვდა, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე საპარალემენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას უკავშირებს. 

21 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის ეთერში, 6-საათიანი "კურიერი" სპეციალური გამოშვებით გადის. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი საგანგებო განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მას ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან, თუ ბრძოლას არ შეწყვეტს. გვარამია აცხადებს, რომ მას მთავრობის მესიჯი ერთ-ერთმა პიროვნებამ გადასცა, რომელიც მისი მეგობარი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. ამის მიუხედავად, გვარამია "რუსთავი 2"-ს არ ტოვებს და ბრძოლას აგრძელებს.

მეორე დღეს ნიკა გვარამიას მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. ცნობილი ხდება იმ პირის ვინაობა, რომელიც მას სამთავრობო მესიჯებს აწვდის. საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე  ალექსი ახვლედიანი ნიკა გვარამიასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ "მესინჯერი" არ არის.

პარალელურად ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდი საქართველოს ციხეებში წამებისა და ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას იწყებს. ქვეყნის მასშტაბით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევები იწყება. სხვადასხვა ქალაქებში კი წამების ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენება ხდება.

22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მადლობელი უნდა იყოს, რომ იგივეს არ უკეთებენ, რაც კადრებშია ასახული. იმავე დღესვე საგანგებო განცხადებას აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერს "ისედაც რთულ ვითარებაში სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობის შეტანაში" ადანაშაულებს. 

23 ოქტომბერს ე.წ. "უკრაინულ ვიკილიქსზე" ქვეყნდება მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგმება "რუსთავი 2"-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი. ინფორმაციას არცერთი მხარე არ ადასტურებს. ცნობილი ხდება, რომ ე.წ. "უკრაინული ვიკილიქსის" ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.

24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიებას იწყებს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. 

29 ოქტომბერს უკრაინული პორტალი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას, ასევე მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს. ჩანაწერები ქართულ ენაზეა და ტიტრები არ აქვს. რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე ვრცელდება სააკაშვილის საუბრები მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან - გივი თარგამაძესთან, ნუგზარ წიკლაურთან, ასევე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას და ადვოკატ რომეო საჯაიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ჩანაწერებში საუბარია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, ექსპრეზიდენტი გვარამიას ბარიკადების მოწყობისა და "რევოლუციური გზით" წასვლისკენ მოუწოდებს. დაკითხვაზე იბარებენ გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას, დეპუტატებს - ნუგზარ წიკლაურს და გივი თარგამაძეს, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას და ყოფილ პარლამენტარს კობა ხაბაზს, რომლებზეც საუბარი აუდიოჩანაწერებშია. 

არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებით ნიკა გვარამიას განცხადება დადასტურდა და მასზე ზეწოლა მართლაც ხორციელდებოდა. 

30 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა საგანგებო ბრიფინგს მართავს და აცხადებს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და მხოლოდ პროფესიული მოვალეობის მშვიდად განხორციელება სურს.  

ამავე დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო მიმართვას აკეთებს და საზოგადოებას და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ვინმეს ხელში ბრმა იარაღი არ აღმოჩნდნენ.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პარალელურად პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი და მმართველი კოალიცია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე საქმეს კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავად აფასებენ და ყველას სასამართლო პროცესის დასრულების დალოდებისკენ მოუწოდებენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი "რუსთავი 2"-ს მხარდაჭერას უცხადებს. სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები პროცესების მიმდინარეობის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან და "რუსთავი 2"-ის შენობასთან იკრიბება.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს დაწყების დღიდან აშშ, ევროკავშირი, ეუთო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები ეხმაურებიან და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. 

2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოაცხადა და ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნილი სიტუაცია განმუხტა, თუმცა 5 ნოემბერს, გვიან ღამით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსამართლე ურთმელიძემ სამაუწყებლო კომპანიის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დანიშნა, ნიკა გვარამიას და კახა დამენიას კი უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე "რუსთავი 2"-ის შენობასთან თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებმა შეკრება დაიწყეს.

"რუსთავი 2" მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით უფლებამოსილებაშეჩერებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სახელმწიფო გადატრიალების საფუძველია, ოღონდ ამას ხელისუფლება აწყობს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მედიასაშუალებები, ჟურნალისტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები "რუსთავი 2"-ს სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

6 ნოემბერს ჯარჯი აქიმიძესთან, დავით დვალთან, რევაზ საყევარიშვილთან და პაატა სალიასთან ერთად საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ საქმის საბოლოოდ დასრულების შემდეგ წილის 50%-ს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, ტელეკომპანიის საქმიანობაში კი არ ჩაერევა, თუმცა მიაჩნია, რომ არაობიექტური ჟურნალისტები და სააკაშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სამსახურში არ უნდა დარჩნენ.

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებებს აკეთებენ. პრემიერი კვლავ აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა, პრეზიდენტი კი მმართველ კოალიაციას მოუწოდებს, თავი შეიკავონ  არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან და სიტუაციის შეფასებისას მხოლოდ  ფორმალური განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან.

ამავე დღეს ვრცელდება აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოში მისი წევრი სახელმწიფოების საელჩოების ერთობლივი საგანგებო განცხადება. ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "რუსთავი 2"-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

"რუსთავი 2"-თან შეკრებილი არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანიაში დროებით მმართველებს არ შეუშვებენ. დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დღის ბოლოს განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ისინი კომპანიაში მხოლოდ გასაჩივრების ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ მივლენ და ყარამანაშვილებს სთავაზობენ, წარადგინონ კანდიდატი, რომელსაც სრულ უფლებამოსილებას მიანიჭებენ.

6 ნოემბერსვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ღრმა პოლიტიკური შედეგი ექნება.

7 ნოემბერს "რუსთავი 2" მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელია შესული. ტელეკომპანია "საქართველოს" წარმომადგენლები საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას და გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

 

 

ახალი ამბების სააგენტო Front News