ამინდის პროგნოზი

სასამართლომ ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელი არ დააკმაყოფილა

 
05 February, 2016   11 თვის 5 დღის და წინ
 
1309

სად დაიკარგა საბჭოთა ანაბრები, რა თაღლითური მექანიზმით შეიქმნა გაერთიანებული ქართული ბანკი და როგორ მოატყუა ჩხარტიშვილმა საქართველოს მოსახლეობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების ,,პრომეტკო ჯორჯიასა'' და ,,ჯეესკოს'' სარჩელის განხილვა დასრულდა. მოსამართლის საბოლოო განჩინების თანახმად, კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ფოთის საზღვაო ნავსადგურს კომპანია ,,ჯეესკოს'' მიმართ ზარალის ანაზღაურებისათვის 27 850 000 ლარზე მეტი დაეკისრა, ,,პრომეტკო ჯორჯიას'' მიმართ კი 21 600 000 ლარზე მეტი. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს კომპანია ,,ტრანსფორდის'' ადვოკატიც, რომლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ კომპანია ,,ტრანსფორდს'', ,,ჯეესკოსა'' და ,,პრომეტკო ჯორჯიას'' ზიანის ანაზღაურება არ დააკისრა, სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა.

კომპანიები - ,,ჯეესკო'' და ,,პრომეტკო ჯორჯია'', სარჩელით იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც 2010 წელს, სს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის'' მიერ, 25-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მიადგათ. მოსარჩელე მხარე ორივე კომპანიისთვის 70 მილიონ ლარამდე თანხას ითხოვდა. მოპასუხე მხარეს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური'', კომპანია ,,ტრანსფორდი'' და ,,რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო'' წარმოადგენდა. მოპასუხე მხარის ადვოკატები პროცესებზე აცხადებდნენ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში გამართული სასამართლო პროცესი წააგო, რომელიც ,,ჯეესკოსა'' და ,,პრომეტკო ჯორჯიას'' ჩხარტიშვილისადმი კუთვნილების საკითხს განიხილავდა. შესაბამისად, ადვოკატების განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილს არ გააჩნია არანაირი საფუძველი ამ კომპანიების ბენეფიციარი იყოს.

ამ სასამართლო პროცესის მიღმა, ვანო ჩხარტიშვილს კიდევ ერთი, საკმაოდ მძიმე პროცესი ელის. სამწუხარო ის არის, რომ დღემდე, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაბა თავი, საქართველოს მოსახლეობას სამართლებრივად გასცეს პასუხი, ვისი მიზეზით დაკარგეს ყბადაღებული საბჭოთა ანაბრები და კონკრეტულად ვის გამო ჩავარდა მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში. ეს გახმაურებული სკანდალი სწორედ ვანო ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც მოსახლეობის კუთვნილი ანაბრები თაღლითურად მიითვისა. წლების განმავლობაში, ამ თემაზე სხვადასხვა მედიასაშუალებამ და მათ შორის, ,,ვერსიამ'' არაერთი ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.

როგორ იქცნენ მეანაბრეები მეპაიეებად

საბჭოთა ანაბრები სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა, თუმცა მილიარდების გასტუმრება ადვილი არ არის. ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ვალის გასტუმრება გაუჭირდება, მაგრამ უკიდურესად გაღარიბებული მოსახლეობა არავის გახსენებია მაშინ, როდესაც საბჭოთა ანაბრების სამართალმემკვიდრე _ გაერთიანებული ქართული ბანკი, ვალდებულებისგან გათავისუფლდა. ფაქტები, რომლებსაც ერთ სტატიაში მოვუყარეთ თავი, ცივილიზებულ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს...

შემნახველი ბანკის მეანაბრეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის მიზნით, სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 25 მარტის #85 ბრძანებულებით, სახელმწიფო კომერციული ბანკი საპაიო კომერციულ ბანკად გარდაიქმნა. ამის შედეგად კი ,,ახალი ქართული ბანკი'' შეიქმნა. სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების ძალაში შესვლის მიზნით, ვანო ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით, ,,დამფუძნებელი ცენტრალური კომისია'' ჩამოყალიბდა, რომელმაც 1994 წლის 12 ივლისს, შპს ,,ახალი ქართული ბანკის'' დამფუძნებელთა საერთო კრება გამართა. ამ კრებას საპაიო კომერციული ბანკის, ,,ახალი ქართული ბანკის'' დამფუძნებლები და 734 846 მეანაბრის უფლებამოსილებით აღჭურვილი 376 კაცი ესწრებოდა. სწორედ ამ კრებაზე, საქართველოს სახელმწიფო შემნახველი ბანკი ,,ახალ ქართულ ბანკად'' გარდაქმნეს, რომლის საბჭოს წევრები ვანო ჩხარტიშვილი, თამაზ მაღლაკელიძე, ზაზა სიორიძე, ანტონ ინგოროყვა, ვალერი კვარაცხელია, ნანული შევარდნაძე, ზვიად ცეცხლაძე, ელგუჯა ბუბუტეიშვილი იყვნენ.

კრების ოქმის საფუძველზე, ჯერ სასამართლომ და შემდეგ უკვე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 1994 წლის 10 აგვისტოს, ,,ახალი ქართული ბანკი'' რეგისტრაციაში გაატარა. თუმცა ამ ოქმიდან არ ჩანს, სად ჩატარდა კრება, ვინ დაუჭირა მხარი სახელმწიფო ბანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნას, ვინ იყო წინააღმდეგი, ან თავი ვინ შეიკავა. ოქმს არ აქვს ბეჭედი, მასზე მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილისა და კრების მდივნის, ვინმე დომორაცკის ხელმოწერაა, რაც კანონის მიხედვით, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული არ არის.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შემნახველი ბანკი, შპს ,,ახალ ქართულ ბანკად'' გარდაიქმნა, მეანაბრეები დაიბარეს და ე.წ. მეპაიეებად გარდაქმნეს. ყოფილი მეანაბრეების თანხები კი საქართველოს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო ფონდში ირიცხებოდა. თუმცა საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ,,ახალი ქართული ბანკის'' დამფუძნებელი კრება 1994 წლის 12 ივლისს გაიმართა, რომელიც რეგისტრაციაში 1994 წლის 10 აგვისტოს გაატარეს. არადა, ზოგიერთი მეანაბრის მეპაიედ გარდაქმნის ცნობები 1994 წლის 22 და 23 ივნისითაცაა დათარიღებული. აშკარაა, რომ შემნახველ სალაროთა მეანაბრეები ,,ახალი ქართული ბანკის'' მეპაიეებად იმ დროს ,,გარდაქმნეს'', როდესაც ,,ახალი ქართული ბანკი'' ჯერ არც კი არსებობდა!

თაღლითური სქემა, რომლითაც გქბ შეიქმნა

ყოფილი შემნახველი სალაროსა და ,,გაერთიანებული ქართული ბანკის'' (გქბ) თანამშრომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რა თაღლითური სქემით შექმნა ვანო ჩხარტიშვილმა ,,გაერთიანებული ქართული ბანკი''.მოწმე ნინო ზურიაშვილის ჩვენებიდან: ,,როდესაც გქბ შეიქმნა, დაგვიბარეს თანამშრომლები და გვითხრეს, ბანკის აქციონერები უნდა გახდეთო. გავხდით აქციონერები, მაგრამ დივიდენდები არ მიგვიღია, გვეუბნებოდნენ, ბანკს მოგება არ აქვსო. გავიდა ხანი, ერთ-ერთი ფილიალის მმართველმა იაგო მაჩაიძემ დაგვიბარა და გვითხრა, მეპაიეობაზე უარი თქვითო. როდესაც ვიუარე, დამემუქრა, სამსახურიდან გაგაგდებო, ამიტომ იძულებული გავხდი, ამეღო 7 ლარი და ჟურნალში ხელი მოვაწერე. ამ საქმისთვის საგანგებოდ ჰყავდათ გამოყოფილი ერთი თანამშრომელი, გულიკო ჯამბურიძე, რომელიც მეპაიეებს იბარებდა, 7 ლარს აძლევდა და ხელს ჟურნალში აწერინებდა''.

მოწმე ზაირა თოხაძის (გქბ-ს ყოფილი თანამშრომელი და აქციონერი) ჩვენებიდან: ,,როდესაც კუპონები შემოვიდა, სათავო ოფისმა შემოგვთავაზა, ბანკის აქციონერები გავმხდარიყავით, რისთვისაც განსაზღვრული თანხა უნდა შეგვეტანა. თითქმის ყველამ 10-10 მილიონი კუპონი შევიტანეთ, რაც იმ დროისთვის დიდი თანხა იყო, ზოგს ძველი ანაბარი ჰქონდა და ასე გავხდით ბანკის აქციონერები. როდესაც ბანკები გაერთიანდა, დამფუძნებლებმა აქციების ხელში ჩაგდება მოინდომეს, გვემუქრებოდნენ, თუ ანგარიშებს არ დახურავთ და აქციებზე უარს არ იტყვით, ბანკიდან დაგითხოვთო. თანამშრომელთა შემცირებებიც კი დაიწყეს. არ ვთანხმდებოდით, მაგრამ ბანკის თანამშრომელი გულიკო ჯამბურიძე ოჯახებში რეკავდა, ხალხი ბანკში მიჰყავდა და უხსნიდა, ასეა საჭირო, უმჯობესია, დღეს 7 ლარი აიღოთ, თორემ ეს თანხა ისედაც დაკარგულიაო. ერთხელ, სათავო ოფისიდან დაბრუნებულებს, ფილიალის ხელმძღვანელმაც გვისაყვედურა, თქვენს გამო, თათბირზე ტყავს მაძრობენო. ისე შეგვავიწროეს, იძულებული გაგვხადეს, სათავო ოფისისთვის აქციები 7-7 ლარად დაგვეთმო''.

აქციების ძალადობრივი შესყიდვების გარდა, მნიშვნელოვანია შემნახველ სალაროთა პრივატიზაციის პროცესი. შემნახველი სალაროს ფილიალების ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში საკმაოდ სკანდალური დეტალები იკვეთება. ამ განცხადებას ხელს აწერენ ბახტრიონის, საბურთალოს, კოსტავას ქუჩების, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, ჭავჭავაძის გამზირების, ნუცუბიძის პლატოს მე-2 მ/რ-ის შემნახველი სალაროს ფილიალების თანამშრომლები:

"1994 წელს, ფილიალების თანამშრომლებს, შემნახველი ბანკის საპაიო კომერციულ ბანკ ,,ახალ ქართულ ბანკად'' გადაკეთების შემდეგ, ხელმძღვანელთა სიტყვიერი განცხადების საფუძველზე, 10-10 მილიონი კუპონი იმ მოტივით შეგვატანინეს, რომ სხვა მეპაიეებთან შედარებით, ჩვენ უპირატესობა გვექნებოდა. შეგვპირდნენ, რომ ვაუჩერების გაცემაზე დაწესებული დამატებითი თანხა გადაირიცხებოდა ბანკების ფილიალების შესასყიდად, რითაც მათივე განმარტებით, თანამშრომლები შემნახველი სალაროს სათავსების მეწილე-მესაკუთრენი გავხდებოდით. 1996 წლიდან შემცირებები დაიწყო, თანამშრომელთა 80%-ს მოტყუებით დაგვაწერინეს განცხადებები სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ იმ მოტივით, რომ გამოთავისუფლებულ შენობაში მალე მცირე ბიზნესის საწარმოებს გახსნიდნენ და იქ დაგვასაქმებდნენ. ასე მოტყუებით გაგვათავისუფლეს და შენობებზეც უფლებაწართმეულნი აღმოვჩნდით. როცა დახურული ფილიალების სათავსების ბედით დავინტერესდით, გაირკვა, რომ ისინი გქბ-ს შეუსყიდია და ყოფილ თანამშრომლებს (რომლებიც კანონით შესყიდვის უპირატესი უფლებით ვსარგებლობთ), მათზე არავითარი უფლება აღარ გაგვაჩნდა''.

როგორ დაიკარგა ანაბრები

საინტერესოა, თუ რა მექანიზმით შეუწყვიტეს შემნახველი ბანკის მეანაბრეებს ანაბრების გაცემა. მოქალაქე ბურჭულაძემ, 1993 წლის 5 და 6 მარტს, საქართველოს სახელმწიფო ბანკში 4 სერტიფიკატი შეიძინა, თითოეულის ღირებულებაა 10 000 მანეთი იყო. ბურჭულაძემ სერტიფიკატები იმ პირობით შეიძინა, რომ 10 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკიდან (მისი სამართალმემკვიდრეა გქბ) 200 000 მანეთი უნდა მიეღო. როდესაც ფულმა გაუფასურება დაიწყო, ბურჭულაძემ თანხის უკან გატანა მოინდომა, მაგრამ უთხრეს, რომ მეანაბრეთათვის ანაბრების გაცემა შეწყვიტეს. არადა, საქართველოს ეროვნულ ბანკში ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს! ათი წლის შემდეგ, ზუსტად 2003 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ ბურჭულაძის კუთვნილი სერტიფიკატების გასანაღდებელი თანხა უკვე 2 თეთრი იყო!

მეტად უცნაურია აქციების გადანაწილების პრინციპიც. როგორც წესი, თითოეულ წიგნაკზე ერთ აქციას გასცემდნენ. თუმცა რა თანხა ირიცხებოდა წიგნაკზე - 1 000 თუ 100 000 მანეთი, მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია! 1998 წლის 5 მარტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიიღო კანონი და მეანაბრეთა დავალიანება სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარა, მაგრამ ამ კანონში დავალიანების გადახდის რეალური მექანიზმი განმარტებული არ არის. ცხადია, მილიონობით მეანაბრეს მწარე რეალობასთან შეგუება არ სურდა და სასამართლოებში ჩივილი დაიწყეს. შევარდნაძემ კი ამ პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარების მორიგი ხერხი გამონახა და 1998 წლის 22 აპრილს, სპეციალური სამთავრობო კომისია შექმნა. მართალია, კომისიამ მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სისხლიანი კვალი გქბ-ში

2000 წელს, ,,გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა'' მედიასაშუალებებში აქტიური პიარკამპანია წამოიწყო. სარეკლამო განცხადებები ანაბრებისა და დეპოზიტების ნაირსახეობის მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მიღებას ეხებოდა. როგორც გქბ-ს ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ეს რეკლამები გადიოდა რადიოებსა და თითქმის ყველა სატელევიზიო არხზე და შედეგად, ბანკს უამრავი ხალხი მიაწყდა. ,,გაერთიანებული ქართული ბანკის'' საბურთალოს მე-7 ფილიალში დადებული ხელშეკრულებით, რომელიც მოგვიანებით ყალბი აღმოჩნდა, გქბ მეანაბრეებისგან გარკვეული ვადითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის გარანტიით, დოლარში იღებდა თანხას.

თავდაპირველად, გქბ პროცენტებს იხდიდა, მაგრამ 2000 წლის შემოდგომაზე, მათი გაცემა შეწყვიტა. 2002 წლის 2 ოქტომბერს, გქბ-ის საბურთალოს მე-7 ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსი, ზურაბ ახალბედაშვილი მუხათწყაროში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მოგვიანებით, ინფარქტით დაიღუპა ამავე ფილიალის მმართველი, იაგო მაჩაიძე. გქბ-სა და მეანაბრეებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო, რადგან ბანკი თანხის დაბრუნებაზე იმ მოტივით ამბობდა უარს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების აფერა გქბ-ს ერთ-ერთი თანამშრომლის კერძო ფინანსური მაქინაცია იყო, რომელსაც ბანკსა და მის ხელმძღვანელებთან კავშირი არ ჰქონდა.

გქბ-ს მენეჯმენტის არგუმენტებით, ეს დავა 2000 წლიდან დაიწყო, რომელსაც არაერთი სასამართლო პროცესი მიეძღვნა, მაგრამ გქბ ყველა პროცესზე გამართლდა. გქბ-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბანკს არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმ თაღლითობასთან, რომელიც მისი ერთ-ერთი ფილიალის რამდენიმე თანამშრომელმა განახორციელა. გამოძიებამ და სამმა სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ აწ გარდაცვლილმა ზურაბ ახალბედაშვილმა, რომელიც ბანკის საბურთალოს სავალუტო განყოფილების უფროსი იყო, მოქალაქეთა ერთ ჯგუფთან (ძირითადად, ახლობლებსა და ნათესავებთან) კერძო ფინანსური ურთიერთობა დაამყარა, მაგრამ ამ გარიგებიდან ბანკში არც ერთი ცენტი არ შესულა. მართალია, გქბ-ს მენეჯმენტმა საბურთალოს ფილიალის ხელმძღვანელობის აფერაზე პასუხისმგებლობა აირიდა, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლით, ,,მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლისა და იმ პირთა მოქმედებებისთვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს''. იაგო მაჩაიძე და ზურაბ ახალბედაშვილი, რომლებმაც ,,კერძო ფინანსური ურთიერთობა დაამყარეს მოქალაქეებთან'', ამ ბანკის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და არა ,,რიგითი'' თანამშრომლები, როგორც ამას გქბ-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ!მოწმე თეიმურაზ კეკელიას (ფულის დამტარებელი) ჩვენებიდან: ,,შემოსული დოლარები ყოველდღიურად მიმქონდა დეზერტირების ბაზართან და იქ სავალუტო ჯიხურებში ვცვლიდი ლარებში. 16.30 საათზე, ეს თანხა შემქონდა იაგო მაჩაიძის კაბინეტში, სადაც მიმდინარეობდა მისი დათვლა-დახარისხება-შეფუთვა. ჩემი მონაცემებით, თვეში ამგვარი ოპერაციებით, რასაც მე ვასრულებდი, ბანკს 12.6%-დან 12.7%-იანი მოგება რჩებოდა. ჩემამდე ამ ფუნქციას ასრულებდა ჩემთვის უცნობი მოქალაქე ზაურ აბრახამია''.

ფულის დატაცების მიზნით, ზაურ აბრახამია 2000 წლის გაზაფხულზე, სწორედ გქბ-ს საბურთალოს მე-7 ფილიალის წინ მოკლეს. მას ჩანთაში 40 000 აშშ დოლარზე მეტი ედო, თუმცა ოფიციალურად, აბრახამია არც ბანკის თანამშრომელი ყოფილა და არც მეანაბრე. საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა გქბ-ს ხელმძღვანელობა ზაურ აბრახამიას მკვლელობით და იმითაც, თუ საიდან მიჰქონდა გქბ-ს ფილიალიდან გამოსულ, გაურკვეველი სტატუსის მქონე ადამიანს 40 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა?!მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები გქბ-ში მიმდინარე უკანონო ოპერაციებზე საჯაროდ მიუთითებდნენ, სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეში ,,დანაშაულებრივ ნიშნებს'' ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ, სასამართლოს მითითებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა უშედეგოდ. ფინანსურ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე დამნაშავეთა გარდაცვალების მოტივით შეჩერდა, მაგრამ გქბ-ს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებს, რომ ამ აფერაზე სათავო ოფისშიც იყვნენ ინფორმირებული, ყურადღება არავინ მიაქცია.

გამომძიებელი ლევან კაკავა: ,,დამისახელონ დაზარალებულებმა კონკრეტული პირი და კი, ბატონო, კანონის შესაბამისად დავსჯით. მაჩაიძესა და ახალბედაშვილს ასახელებენ, მაგრამ მათ ხომ პასუხისგებაში ვერ მივცემთ? არავინ ამბობს, რომ ბრძანება მოდიოდა სათავო ოფისიდან. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს''.მართალია, გამომძიებელი აცხადებდა, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ამ აფერაში სათავო ოფისის ბრალეულობას დაადასტურებდა, თუმცა ერთ-ერთი მოწმის ჩვენება სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. როგორც ჩანს, გამოძიებას ეს ჩვენება მხედველობიდან ,,გამორჩა'': ,,ყოველი თვის დასაწყისში მაკეთებინებდნენ ასეთ ოპერაციას, ვითომ დოლარი ვიყიდე ძვირად და გავყიდე იაფად. რამდენჯერმე შევჩივლე იაგო მაჩაიძეს, მაგრამ მითხრა, ნუ ნერვიულობ, ზევით ყველაფერი იციანო. რასაც გვეტყვის სათავო ბანკი, ის უნდა გავაკეთოთო. გარდა ამისა, ხელშეკრულების ბლანკს, რომელიც მეანაბრეებს ხელზე აქვთ, სათავო ოფისიდან ვიღებდით''.

ასეთი ჩვენებების გარდა, რომელიც არაერთია, ამ საქმეში სხვა საეჭვო გარემოებებიც იკვეთება. კერძოდ, 2002 წლის 2 ოქტომბერს, ზურა ახალბედაშვილის თვითმკვლელობის შემდეგ, ბანკმა ხმარებიდან ამოიღო და იმავე დღეს დალუქა შტამპი, რომლითაც ანაბრებს იღებდა. მეორე დღეს, ანუ 2002 წლის 3 ოქტომბერს, ეს შტამპი საქართველოს მოქალაქის პასპორტის გადახდის ქვითრებზე ისევ დატანილია. უამრავი მოწმის ჩვენებისა და საკამათო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, გქბ-სგან დაზარალებული მეანაბრეები სასწაულის იმედად რჩებიან. სახეზეა მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ასობით კაცი, გარდაცვლილი დამნაშავეები, რომლებიც საიქიოდან ფულს ვერ დააბრუნებენ და სირაქლემას პოზაში მყოფი სასამართლო და გამოძიება.P.S. გქბ-ს დამფუძნებელი და ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი ,,ვნეშტორგბანკია'' (ახლა უკვე ვითიბი ბანკი ჯორჯია), აქციათა 18%-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ,,იბიარდი'' ფლობს. დანარჩენი პროცენტული წილი კი სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ნაწილდება.

 

 

გაზეთი "ვერსია"

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა