5 თებერვალს, 10:00 საათზე, ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის, – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში”, ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნული მეთოდური სახელმძღვანელო შემუშავებულ იქნა 2021 წლის ზაფხულში „ევროპის უნივერსიტეტის“ ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე.
EU GS პროექტს აქვს ამბიციური მიზანი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე დაეხმაროს საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით.
ამავე მიზნით, აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებს სთავაზობს თეორიული და პრაქტიკული მასალისგან შემდგარ მეთოდიკას სასწავლო პროცესსა და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში იმ ევროპული ღირებულებებისა თუ სტანდარტების გასავრცელებლად, რომლებიც საველე კვლევის პროცესში განსაკუთრებულად პრობლემატურად გამოიკვეთა.
მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდეგ თბილისის 14 საჯარო სკოლის 28 დირექტორ-მასწავლებლისთვის ორდღიანი ტრენინგი დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მსგავსი ტრენინგები დაგეგმილია თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ჯამში, ტრენინგების ფარგლებში, თებერვლის ბოლომდე გადამზადდება 150-მდე დირექტორ-მასწავლებელი.
პროექტს ახორციელებს “ევროპის უნივერსიტეტი“ – კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ და ევროპული სტანდარტის შესაბამის სწავლა-სწავლების პროცესს.
“ევროპის უნივერსიტეტისთვის“ ევროპეიზაცია წარმოადგენს მისი ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების სტრატეგიის ქვაკუთხედს, რაზეც თავად ინსტიტუციის სახელწოდებაც მეტყველებს.