11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება.
“11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება – ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მოგვიანებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ღია ჩვენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.