ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ბათუმში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი ერას მოედანზე ყვავილებით და სანთლებით მივიდნენ და ოჯახს თანადგომა ასე გამოუცხადეს.
იქიდან ახალგაზრდები სიმბოლურად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ და იქ არსებულ შადრევანთან კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გარდაცვლილი გოგონას ხსოვნას.
“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს ახლობლებს, ეს არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია და ასეთი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს. ასეთ დროს ერთმანეთის თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი, მოვუწოდებთ ყველა ბათუმელს, მოვიდეს და გამოხატოს საკუთარი ტკივილი“, – განაცხადა აქციის მონაწილე ზვიად ცეცხლაძემ.