2010 წელს, როდესაც სააკაშვილმა პუტინიზაცია გადაწყვიტა, ამის წინააღმდეგ აქტიურად გამოვედი, რის გამოც თსუ-ში თანამდებობაზე უარი მითხრეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„2012 წლამდე ძირითადად ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე აკადემიურ სექტორში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც მოგეხსენებათ, იქ მუშაობა შეუთავსებელია, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, მე აქტიურ პოლიტიკური საქმიანობის საშუალებაც არ მქონდა გამომდინარე ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობიდან.
თუმცა, მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანია, რომელსაც შეუძლია გაიხსენოს, 2010 წელს, როცა ხორციელდებოდა ძალიან მძიმე სახელმწიფო რეფორმა, რომლის მიზანი იყო სააკაშვილის პუტინიზაცია ანუ, მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება უკვე პრემიერის რანგში, ამის წინააღმდეგ მე ძალიან აქტიურად გამოვედი და ამის გამო უარი მითხრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის შენარჩუნებაზე. ანუ, მაშინაც, მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩართული ოპოზიციურ მოძრაობაში. მე პირდაპირი, აქტიური ჩართვის საშუალება არ მქონდა, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, თუმცა სადაც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პოზიციის დაფიქსირება ჩემი ვიწრო სპეციალობიდან გამომდინარე, მაშინ აუცილებლად მივიჩნიე, რომ ამ ძალიან მძიმე ცვლილებებზე ჩემი მკაფიო პოზიცია დამეფიქსირებინა, რაც თანამდებობად დამიჯდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მოვრიდებულვარ პრინციპულ ვითარებაში, ჩემი პოზიციის დაფიქსირებას. ვიცით, რა რეაქცია იყო მაშინ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.