ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმუმ 3%-იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან კონკრეტული ამოცანა აქვს 2024 წლისთვის დაბალი ბარიერის დადგენას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პატრია „ქართული ოცნება“ „მოქალაქეებთან“ ერთად შეთანხმდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ბუნებრივიდან 3%-მდე იქნება.
„რაც შეეხება ბარიერის დაზუსტებას, ეს უკვე საკონსტიტუციო განხილვების ამოცანაა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საკონსტიტუციო პროცედურებს და სწორედ იმისთვის იმართება საკონსტიტუციო საყოველთაო განხილვა, შემდეგ კი რამდენიმეთვიანი საპარლამენტო განხილვა, რომ იქ უნდა შეჯერდეს დაზუსტებული პოზიციები ბარიერთან დაკავშირებით. 2024 წლის არჩევნებისთვის მაქსიმალური ბარიერი 3%-იანი იქნება. ესაა „მოქალაქეებთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგი. დანარჩენი განხილვებზე იქნება დამოკიდებული“, – დასძინა კობახიძემ.
მან ასევე განმარტა, თუ რას აძლევს პარტიებს 3%-იანი ბარიერი. კობახიძის თქმით, ამ საკითხზე „მოქალაქეების“ არგუმენტი ის იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალა იქნებოდა წარმოდგენილი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც კონტრპროდუქტიული როლი შეიძლება შეესრულებინა დემოკრატიისა და პლურალიზმის განვითარების საქმეში.
„ჩვენ ეს არგუმენტი მივიღეთ და დავეთანხმეთ იმას, რომ ერთჯერადად, სხვა მიმართლებით წარიმართოს პოლიტიკური სისტემის განვითარების პროცესი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმუმ 3%-იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით. ასე, რომ ძალიან კონკრეტული ამოცანა აქვს 2024 წლისთვის დაბალი ბარიერის დადგენას“, – განაცხადა კობახიძემ.