ენგურის ხიდი 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით დაიკეტება. გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ 18 ოქტომბერს მიიღო და ის “საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს და სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს უკავშირდება”.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა გალის რაიონის სოფელ ბგოურასთან [ქვემო ოტობაია] დრონი აღმოაჩინეს, რომელიც იღებდა შემოგარენს და სამხედრო ობიექტებს და ეს “აშკარა პროვოკაციაა”.
ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის “მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს”, რომლებიც დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.
ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც მიიღო.