25 ნოემბერს, 16:00 საათზე საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი GRTN სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საგანმანათლებლო პროექტს – “ნიკო ნიკოლაძე” წარმოადგენს.
“ნიკო ნიკოლაძე” ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, პროდიუსერია თენგიზ ხუხია, მონაწილეობენ – ანი ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ნიკა კვარაცხელია და ალიკა ცეკვაშვილი.
სპექტაკლი ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს ეძღვნება.
სპექტაკლში ორი თოჯინა და ოთხი მსახიობი სწორედ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებაზე, მრწამსზე, იდეოლოგიასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
სპექტაკლი წარმატებით წარდგა ქართველი და საერთაშორისო მაყურებლის წინაშე. თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა რეკომენდებულ სპექტაკლთა შორის, თბილისის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს პრიზი: საუკეთესო სპექტაკლი – Best Performance, საუკეთესო მსახიობი ქალის როლისათვის – ანი ანდღულაძეს, მონაწილეობდა თეირანის მე-19 საერთაშორისო თოჯინური სპექტაკლების ფესტივალზე.
პროექტი “ნიკო ნიკოლაძე” განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.