5 ივლისს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება.
დაზარალებულის სტატუსი მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს მიენიჭა.
კერძოდ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა „ფორმულას“ ორ ჟურნალისტს – ლუკა ხაჩიძეს და გიორგი გაბუნიას. ასევე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძეს და „მთავარი არხის“ ოპერატორ ანრი ჯოხარიძეს.
სამმართველოში ასევე იმყოფებოდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ზურაბ მანაგაძე. მისი ადვოკატის განცხადებით, დღეს ოპერატორთან მიმართებაში ვიდეო მტკიცებულებების შესწავლა მოხდა.
“დღეს საგამოძიებო ორგანოში დაბარებული იყო ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე, მას წარედგინა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე განემარტა დაზარალებულის უფლება მოვალეობები. აგრეთვე, დაბარებული იყო ოპერატორი ზურაბ მანაგაძე. მოხდა 5 ივლისს ჩაწერილი ვიდეოკადრების დათვალიერება. იმ კადრების, სადაც ზურაბ მანაგაძეა აღბეჭდილი და საჭირო გახდა პიროვნებების ამოცნობა.ზოგიერთი მათგანის ამოცნობა ზურამ შეძლო, ზოგიერთის ვერა“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა.
5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის, რადიკალური დაჯგუფების 25 წარმომადგენელია დაკავებული, მათ შორის 20 ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით.