უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მოხსენებები მოისმინა.
ზელენსკის თქმით, დაზვერვის მთავარი დირექტორატისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მოხსენებებში დეტალურად არის განხილული უკრაინის ხელთ არსებული შესაძლებლობების, ასევე საფრთხეების საკითხები.
“ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად – ზუსტად ისე, როგორც საჭიროა უკრაინისთვის და მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ჯერ კიდევ სურს პუტინს რაიმე ფორმით დაეხმაროს – ყველაფერს გავაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მშვიდობის რეალური კონსოლიდაციისთვის, ომების გამოწვევაზე ან ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე ძლიერი რეაგირების მიზნით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინის აბსოლუტური პრიორიტეტი ახლა სამართლიანი მშვიდობაა.
“ყოველ რაკეტაზე, ყოველ უპილოტო თვითმფრინავზე და ყველა მცდელობაზე, რომ ეს ომი გახანგრძლივდეს და გამკაცრდეს, აუცილებლად იქნება პასუხი მსოფლიოდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ მსოფლიოს აუცილებელ ერთიანობას – რაც არ უნდა რთული იყოს ეს ჩვენთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.