დღეს რომ რამდენიმე კვაზისაზხელმწიფოს გარდა არავის აქვს აღიარებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ეს აშშ-ის დამსახურებაა მათ შორის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ანტიდასავლური განცხადებები ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
“ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც, ჩემი აზრით, შიდა პოლიტიკურ ინტერესებზე არის გათვლილი, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესთან. ჩვენი სტრატეგიული ინტერესი არის, რომ საქართველოს ყავდეს ძლიერი მეგობარი, რომელიც დაიცავს აგრესორისგან. ნუ დაგვავიწყდება, რომ მთელი ეს 30 წელი აშშ იყო ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოში მუშაობდა არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებისთვის. დღეს რომ რამდენიმე კვაზისაზხელმწიფოს გარდა არავის აქვს აღიარებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ეს აშშ-ის დამსახურებაა მათ შორის.
სახელმწიფოებრივი მთლიანობა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი ინტერესი. შეიძლება ელჩი არ მოგწონდეს, მაგრამ ის ელჩი არის იმ ქვეყნის წარმომადგენელი“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აშშ-ის ელჩი მოსწონდა, როდესაც მისთვის ხელსაყრელ განცხადებას აკეთებდა. “ის პერიოდიც მახსოვს, როდესაც კელი დეგნანი ქებით ცაში აყავდათ, როდესაც მოუწოდებდა ოპოზიციას, შემოსულიყვნენ პარლამენტში. მაშინ ყოველი მეორე ციტირებდა კელი დეგნანის განცხადებებს, მაშინ ეს ადამიანი თუ იყო მისაღები, ახლა რატომ აღარ არის? იმიტომ რომ აკრიტიკებს სასამართლოს? თავისთის ხო არ უნდა კელი დეგნანს სასამართლო? აშშ-ს შესანიშნავი სასამართლო აქვს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.