თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი გამოკითხა.
მისი თქმით, ვაკის პარკის შადრევანი ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმდა.
“შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად”, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
მისივე თქმით, მერიის თანამშრომლები სისტემატურად წმედდნენ შადრევანს როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში.
“დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც, რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს.
დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც, გამორთულსაც”, – განაცხადა გიგაშვილმა.