ვის რაში სჭირდება პრანჭვით რეაბილიტირებული შადრევანი, როდესაც ძირეული საკითხებია მოუგვარებელი, – ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სადაც ადამიანები შიმშილობენ, ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს.
“ვის რაში სჭირდება პრანჭვით რეაბილიტირებული შადრევანი, როდესაც ძირეული საკითხებია მოუგვარებელი, თუნდაც სკოლაში, გინდ საბავში ბაღში, თუნდაც მოსახლეობაში, მახსოვს თავზე რომ დაანგრიეს სადღაც ტყლაპოში აშენებული ხუხულები ხალხს, იმის გამო, რომ ვითომ კანონიერებას იცავდნენ. ეს სპექტაკლები როდის უნდა დავამთავროთ?
რა კარგია თურმე ვაკის პარკში რეაბილიტირებული შადრევანი, რომელიც ბავშვებს კლავს, რა კარგია, თურმე ვაკეში დადგმული ურნები, რომელშიც მიუსაფარი, მშიერი ხალხი იქექება.
ნორმალურია ჩვენი მხრიდან ამის ასე ყურება? ისინი, გავიგე, რომ არ ადარდებთ ის სამყარო, რომელშიც თვითონ არ არიან, თითქოს რაღაც მოწყვეტილი კუნძულიდან უყურებენ ადამიანების ამ ტანჯვას, ის ადამიანები კი, რომლებსაც რაღაც ძალა ჰქონდათ, ყველანი გაიქცნენ, ყველანი გარბიან ამ სიკვდილით სავსე ქალაქიდან. ვინც არ გავრბივართ, რა გავაკეთოთ, ვუყუროთ სადამდე მივა ჩვენი რეალობა?“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.