თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა, ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ფაქტობრივად, რუსეთის ომის დაფინანსებაში, დატოვოთ უმრავლესობა და შესაბამისად, უზრუნველყოთ “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლა, – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს.
მისი თქმით, სანქციები რეალურია და უჩა მამაცაშვილი, რომელმაც ქართულ სასამართლოში ანტიკორუფციულ მოძრაობას რამდენიმე ათასი ლარი მოუგო, შეიძლება მილიონებს დაემშვიდობოს.
“უჩა მამაცაშვილმა 15 ათასი ლარი მოგვიგო სასამართლოში. სიმბოლურია, მის მილიარდებს ემუქრება საფრთხე და საბოლოოდ, შესაძლოა, ეს კაცი ჩვენი შესანახი გახდეს. ეს ნახევრად ხუმრობით, ცხადია.
მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ წევრებს, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან პარლამენტში, ახლა მე დავასახელებ 4 მათგანს, თუმცა ეს არ არის ვიწრო წრე, რომელი მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ.
საუბარია ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშვილსა და ისკო დასენზე. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენს რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. ასევე სხვებთან დაკავშირებითაც, თუმცა დღეს ამ ოთხით შემოვიფარგლებით.
თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა ჯერ კიდევ ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რუსეთის ომის დაფინანსებაში, ფაქტობრივად, დატოვოთ უმრავლესობა და შესაბამისად, უზრუნველყოთ ქართული ოცნების უმრავლესობის დაშლა, რაც საქართველოში გამოიწვევს ახალ არჩევნებს და უკვე ხელისუფლების ცვლილებას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, სანქციები ემუქრება სხვა ბიზნესმენებს.
“უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს შედგენილი აქვს და ამ სიაში არიან ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი და ფარცხალაძე.
ბატონ რუხაძესაც მის ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად აქვს კიდევ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ რეალურად გააკეთოს არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ასევე მოვუწოდებ ფარცხალაძეს, ჩხარტიშვილს და ხიდაშელს, რომ ერთადერთი ხსნა არის ივანიშვილის მხილება და ის, რომ სასწრაფოდ შეცვალოთ კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს, რომელზეც გიჟდებით, დაემუქრება საფრთხე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.