პოლონეთის სენატმა ერთხმად, 85 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს.
რეზოლუცია “მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, როგორც ტერორისტული რეჟიმი“.
“2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურდათ ამ სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და მისი ერის განადგურება. უკრაინის მოქალაქეების მიერ დამოუკიდებლობის გმირულმა დაცვამ მთელი თავისუფალი სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია. უკრაინა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას. რუსი ოკუპანტები დღემდე ატერორებენ უკრაინის ქალაქების მაცხოვრებლებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით. აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებს და სამოქალაქო პირებს. ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ასახლებენ და აგზავნიან უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის შორეულ რეგიონებში.
სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ეს აქტი კარგად ვიცით ისტორიის წიგნებიდან. ევროპელებს სჯეროდათ, რომ მათ აღარასოდეს დაემუქრებოდნენ გენოციდითა და ომის დანაშაულებით. ამასობაში ვლადიმერ პუტინი და მისი ძალადობრივი რეჟიმი დაუბრუნდა სტალინური და ნაცისტური რეჟიმების სასტიკ პრაქტიკას. ამიტომ რუსეთი უნდა დავამარცხოთ, რომ აღარასოდეს ჰქონდეს მეზობლების საფრთხის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა“, – აღნიშნავენ სენატორები რეზოლუციაში.
სენატორები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს სამხედრო დანაშაულებებს.
ამასთან, რეზოლუციაში სენატი მადლობას უხდის პოლონელ ხალხს, მთავრობასა და ადგილობრივ ადმინისტრაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მეწარმეებს უკრაინელებისთვის, ძირითადად ქალებისა და ბავშვებისთვის გაწეული უზარმაზარი დახმარებისთვის.