აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა, უკრაინას მისცეს საშუალება გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ბრიტანული და ფრანგული Storm Shadow/SCALP რაკეტები, მაგრამ არა ამერიკული ATACMS რაკეტები, – ამის შესახებ The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ანონიმური წყაროების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, Storm Shadow და მისი ფრანგი ანალოგის Scalp-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად, იმ მოტივით, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი მხარს უჭერენ ასეთ ნაბიჯს.
ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ნებართვას მისცემს გამოიყენოს ამერიკული ATACMS დარტყმებისთვის იმ იმედით, რომ თავიდან აიცილებს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენი განიხილავს საკითხს სხვა ევროპელ ლიდერებთან, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ ბრიტანეთიც და საფრანგეთიც მხარს უჭერენ უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკელები ბლოკავენ ამ ცვლილებებს ესკალაციის შიშით.