სანქცირების კრიტერიუმებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბევრი პირი დააკმაყოფილებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის მიერ მოლდოველი ოლიგარქების სანქცირების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ინტერესების გატარებაში მხილებული პირები უნდა დასანქცირდნენ, რომ ბოროტება არ იყოს ხელშეწყობილი.
“სანქციებს რამდენიმე პირობის გამო უწესებენ, განსაკუთრებით, აშშ და მისი ხაზინა. პირველი საკითხი არის რუსული ინტერესების და გავლენის გავრცელებაში მონაწილეობა, პლახოტნიუკთან დაკავშირებით მოლდოვაში ეს აშკარა იყო, ასევე დემოკრატიის წინააღმდეგ ქმედება და ძალაუფლების უკანონო მიტაცება. დარწმუნებული ვარ, იგივე კრიტერიუმებს საქართველოში “ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბევრი პერსონა დააკმაყოფილებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი.
მე არ მიხარია ქვეყანაში მოღალატეების სიმრავლე, მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც ატარებს რუსეთის ინტერესებს, უნდა მოხვდეს სანქცირებულთა სიაში, რათა ბოროტებას არ იყოს ხელშეწყობილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
აშშ-მა მოლდოვაში 9 პირი და რამდენიმე კომპანია დაასანქცირა.