აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
“ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს დააწესა სანქციები, 2021 წელს კი სანქციები დაუწესდა რუსეთს. ამავე მიზეზით შეზღუდვები დაუწესდა ირანსაც.
“ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ იგივე ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ეცდება ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას“, – განაცხადა პრაისმა.
კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის ერეოდა, ერევა და ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში “ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, როგორც ეს ვიცით“.
პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ არის ძებნილი. ის მიიჩნევა სანქტ პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც ასევე „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.