ახლა როცა ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად რელევანტურია არჩევნებზე საუბარი, არ ვიცი, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარტიაში რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა დისკუსია იმასთან დაკავშირებით მიდიოდა, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები.
“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია დაწყებულია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს პარტიაში და ამის წინააღმდეგი არავინ არის. უბრალოდ, საუბარია დროზე, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის მძიმე და ყოველდღიურად მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს, რამდენად რელევანტურია არჩევნებზე საუბარი, არ ვიცი.
ეს ადამიანები, ვინც ეს განცხადება გააკეთეს, არიან პარტიისთვის ძალიან ღირებული ადამიანები, ერთადერთი, რაშიც არ ვეთანხმები მათ, ახლა ამის დრო არ იყო. პოლიტსაბჭოს ვადა ისედაც მალე ეწურება, რაც შეეხება თავმჯდომარეს ჯერ ლეგიტიმაცია აქვს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყველა დონის არჩევნები ერთად ჩაგვეტარებინა, რაც ხანგრძლივი პროცესია“, – განაცხადა წითლიძემ.
რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, წითლიძე აცხადებს, რომ როდესაც ასეთი მძიმე რეალობის წინაშე არიან, კითხვები ლეგიტიმურად ჩნდება არა მხოლოდ თავმჯდომარის, არამედ პარტიის ყვეკლა წევრის მიმართ.
“სრულიად ლეგიტიმურია ნიკა მელიასთან კითხვები, რადგან ჩვენ გვაქვს ყველაზე მძიმე მოცემულობა დღეს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, მისი მდგომარეობა არის მძიმე, კლავენ და ჩვენ ვერაფერს ვშვებით, შესაბამისად, კითხვები ლეგიტიმურად ჩნდება“, – განაცხადა წითლიძემ.
კითხვაზე, დაუჭერს მხარს თუ არა თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას, პასუხობს, რომ “ჯერ უნდა გაირკვეს კანდიდატები”.
“რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, ვთვლი, რომ უკეთესია შიდა დემოკრატიისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.