ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით, 2022 წელს რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად.
“ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად.
ვნანობ, რომ ნატოს მოკავშირეებმა და თავად ნატომ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის თავდასხმის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იქნებოდა. შეაკავებდა თუ არა ეს რუსეთს, ამის თქმა შეუძლებელია. როდესაც პირველად ვეწვიე უკრაინას 2015 წელს, მე ვესტუმრე იქაურ საწვრთნელ ცენტრს. აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იქ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ; ჩვენ, როგორც ნატო, ამას არ ვაკეთებდით. საერთო ჯამში, ჩვენი წვრთნა და აღჭურვილობა საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.
“ამ ომის დასასრულებლად გარკვეულ ეტაპზე კვლავ მოგვიწევს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სიძლიერეს“, – აღნიშნა მან.
სტოლტენბერგი ოქტომბერში დატოვებს ნატოს გენერალური მდივნის პოსტს, რომელსაც ის 2014 წლიდან იკავებს. ივნისში ორგანიზაციის მომდევნო ხელმძღვანელად ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დასახელდა.