არანაირი მიუღებელი ადამიანი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის ლიდერი უნდა აერთიანებდეს ადამიანებს და არა პირიქით.
“არ უნდა ამ ადამიანს საჯარო პოლიტიკა და თუ დაინტერესდება, მე მგონი, რომ ყველა ადამიანი საჭიროა. არანაირი მიუღებელი ადამიანი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს. რას ლაპარაკობთ, მინუს ვანო მერაბიშვილი? თურმე ვანო მერაბიშვილს არ შეუძლია ერთი აგური დადოს ბიძინა ივანიშვილის გასტუმრებაში. ლიდერი ვიცი მე გამაერთიანებელი, როცა აერთიანებს და არა ყოფს. მე ლიდერი ვიცოდი ნიკა მელია, რომელიც აერთიანებდა, მათ შორის გაყოფილ ოპოზიციას. დღეს ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილი არის ანტიკორუფციული ბიუროს პარტნიორი.
“დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი, ის გვეხმარება, მათ შორის ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი დამხმარე, ადამიანი, რომელიც ეხმარება ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელმაც ამხილა უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი… გვეხმარება, რომ ვიყოთ ქმედითი და კორუფციული მიმართულებით ვამხილოთ “ქართული ოცნების“ ოლიგარქები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ უარი განაცხადა პარტიაში ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე, მან ასევე თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა დავით კეზერაშვილთან მიმართებით.