სამუშაო ჯგუფი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევის წესის შესახებ მსჯელობს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს, როგორი ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები.
“ნაციონალური მოძრაობა” ისეთ რეჟიმში და ისეთი გამოწვევების წინაშე იმყოფება ახლა, რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან კარგია, რომ ფაქტიურად შევთანხმდით იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდება. ახლა არის საჭირო ეტაპების გავლა. პირველ ეტაპად ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ შემდგარიყო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რამდენიმე ვარიანტს, შემდეგ ვიმსჯელებთ როგორი ფორმით ჩატარდება არჩევნები და შემდეგ წარვუდგენთ პოლიტსაბჭოს. არჩევნები ჩატარდება სოციალური ქსელის დახმარებით თუ ნებისმიერი სხვა მოდელით, უშუალოდ ამაზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევთანხმდებით”, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს.
“პარტიას ეს იმისთვის სჭირდება, რომ გააჯანსაღოს პროცესი. ასევე ეს პროცესი საჭიროა იმ ჩვენი მხარდამჭერებისთვის, რომელთაც გულისწყრომა და რაღაც შინაგანი უკმარისობის გრძნობა გააჩნიათ ნებისმიერის მიმართ, ვინც პარტიის მმართველ რგოლში არის. მათ ეს უნდა დავუკმაყოფილოთ.
ჩვენ წინ დიდი ბრძოლები გველოდება. ჩემთვის მთავარი ბრძოლაა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. ივანიშვილმა ის ფაქტობრივად სიკვდილისთვის გაწირა, მაგრამ ამ ყველაფერში ჩვენი როლი და იმ ადამიანების როლი, ვინც ჩვენი მხარდამჭერია, უნდა იყოს თანაბარი. სწორედ ამიტომ, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი უნდა გამოგვყვნენ ყველა ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.