პოლონეთში, ლუბლინის სავოევოდოს სოფელ პრჟევოდოვთან მომხდარი აფეთქებების შემდეგ, მთავრობამ ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა მინისტრთა საბჭოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოიწვია, პოლონეთში ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მზადყოფნის გაზრდა გადაწყდა.
“ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა, არის თუ არა საფუძველი ნატოს მეოთხე პაქტიდან გამომდინარე პროცედურების დაწყებისთვის“, – აღნიშნა მიულერმა.
პოლონეთში ორი რაკეტის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით არც პოლონეთს და არც აშშ-ს არ დაუდასტურებიათ ოფიციალურად, რომ რაკეტები რუსული იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა უარყო.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რაიმე დაემუქრება. პრაქტიკაში ეს მუხლი იშვიათად გამოიყენება და ძლიერ პოლიტიკურ ნიშანს წარმოადგენს დანარჩენი მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ ნატო შეშფოთებულია კონკრეტული ვითარებით.