პოლონეთში შესაძლოა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, ქვეყანაზე განზრახ თავდასხმის ნიშნები არ არის, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
“არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე. რაც მოხდა – ის, რომ რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე დაეცა, შემთხვევითობა იყო. ეს არ იყო პოლონეთისკენ მიმართული რაკეტა. ამიტომ, ფაქტობრივად, ეს არ იყო თავდასხმა პოლონეთზე“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რუსული წარმოების S-300 რაკეტა, თუმცა ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის რუსებმა გაუშვეს.
“დიდი ალბათობაა, რომ ეს იყო რაკეტა, რომელიც გამოიყენებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, ანუ გამოიყენებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ”, – აღნიშნა დუდამ.
გუშინ პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.