თუ ადამიანებს დაავიწყებ თავის ისტორიას, სამშობლოს, სადაც სისხლი დაღვრილა წინაპართა, მაშინ რა ხარ შენ?! თუ ყველაფერს წაგიშლიან, შენ ხარ უსამშობლო პიროვნება, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე პერიოდებში ადამიანებს სისუსტე სძლევთ და შორს გარბიან, მაგრამ თუ ყველა ერთად იტვირთავს ტვირთს, ერთად უფრო მეტს შეძლებენ.
“არსებობს ასეთი თეორია, რომ მსოფლიოს, სახელმწიფოების ისტორია ეს არის ომების ისტორია და იმისათვის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა, ხალხს უნდა დავავიწყოთ თავისი ისტორია. თუ ისტორიას დაივიწყებენ, საომარი და გასაყოფი აღარაფერი ექნებათ და იქნება მშვიდობა, მაგრამ აქვე კითხვა ჩნდება – თუ ადამიანებს დაავიწყებ თავის ისტორიას, სამშობლოს, სადაც სისხლი დაღვრილა წინაპართა, მაშინ რა ხარ შენ?! თუ ყველაფერს წაგიშლიან, შენ ხარ უსამშობლო პიროვნება. ილია ჭავჭავაძის სიტყვები გამოკვეთილად გვეუბნება, რომ – “ვინც წარსულს ივიწყებს, მას მომავალი არ ექნება”.
ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე – ჩვენი იდენტობა არის ასეთი, ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი კულტურა, თუ ამ ყველაფერს დავიწყებ, ვინ ხარ შენ?! ღმერთისკენ ლტოლვა პირდაპირ გიბიძგებს, შეიყვარო ის სამშობლო, სადაც უცხოვრია შენს წინაპარს და სადაც უნდა იცხოვროს შენმა შთამომავლობამ. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ შენ თუ შენი ხილული სამშობლო არ გიყვარს, როგორ შეიყვარებ იმ სამშობლოს, რომელიც არასდროს გინახავს?! მაცხოვარი გვასწავლის – “იმაზე დიდი მცნება არ არსებობს, ვიდრე მოყვასისათვის თავის დადება”.
განსაკუთრებით მძიმე პერიოდებში ადამიანებს სისუსტე სძლევთ, გარბიან შორს, სადღაც გადარჩენას ეძებენ, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, იტვირთოს ის ტვირთი, რაც მას ძალუძს, ყველას შეგვიძლია რაღაც და ყველას ერთად კი ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.