ყველა დაინახავს, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პარტია, ან რამდენიმე ადამიანი ან დაჯგუფება არ მართავს პარტიას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ არჩევნებიდან პარტია გაძლიერებული იმ შემთხვევაში გამოვა, თუ საარჩევნო პროცესს ცივილიზებულად ჩაატარებს.
“ამ არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობა” არა თუ დასუსტდეს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, თუ ჩვენს მას ჩავატარებთ ცივილიზებულად, როგორც ჩვენ გვეკადრება, იმ პასუხისმგებლობით, რაც გვაქვს ამომრჩევლის და ჩვენი სამშობლოს წინაშე. ამას პირველ ყოვლისა, ტონი უნდა მისცენ იმ კანდიდატებმა, რომლებიც დარეგისტრირდებიან. ჩვენ მივიღებთ განახლებულ მანდატს ჩვენი ამომრჩევლებისგან.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვისაც ჩვენ უნდა გამოვჩნდეთ მართლა ევროპულ პარტიად, თუ ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ, ისი ძირითადი პარტიები, ამ შემთხვევაში, მთავარი პატრიოტული და პროდასავლური პარტია უნდა იყოს ევროპული ყაიდის და ევროპული სტანდარტის“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს აქვს უფლება ამ პარტიის მხარდამჭერი იყოს, თუმცა სწორად მიაჩნია, რომ ის არ ცდილობს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, არა იმ გაგებით, რა გაგებითაც ბიძინა ივანიშვილის არის ჯიბეში მყოფი მონების პარტია – „ქართული ოცნება“, არამედ იმ იდეების პარტია, რაც არის საქართველო და „ვარდების რევოლუციის“ იდეები. ყველა დაინახავს, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პარტია, ან რამდენიმე ადამიანი ან დაჯგუფება არ მართავს პარტიას.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის გამოჩენას, ყველას აქვს უფლება იყოს გულშემატკივარი „ნაციონალური მოძრაობის“. რაც შეეხება უშუალოდ ვანოს, მისგან ვიცი, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, კარგად მესმის. მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ მივესალმები იმას, რომ ვანო არ ცდილობს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნასო. ვინ როგორ გამოჩნდება და საქმეს როგორ წადგება, ამას უკვე გამოაჩენს ვითარება.
მე ყველა კანდიდატს, ახლა ვინც არის გამოჩენილი, ყველას ვუჭერ მხარს, ყველას აქვს თავისი დადებითი მხარე და ყველას აქვს ნაკლი, ყველას პატივს ვცემ, ამიტომ ვცდილობ პარტიაში შევასრულო ერთგვარად გამაერთიანებლის როლი. მე ვარ კანდიდატებთან მიმართებაში ნეიტრალური, მაგრამ არა იმ იდეების, რის წინაშეც ჩვენ პასუხისგებლობა გაგვაჩნია“, – განაცხადა ბარამიძემ.