არც ტიმოშენკოს შემთხვევაში სიმულაცია არ იყო, ტიმოშენკო ნამდვილად მძიმე ავადმყოფი იყო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად განაცხადა.
“მე რამდენადაც მახსოვს, არც ტიმოშენკოს შემთხვევაში სიმულაცია არ იყო, ტიმოშენკო ნამდვილად მძიმე ავადმყოფი იყო, მერეც ვყოფილვარ უკრაინაში და გამიგია ეს ინფორმაცია, რომ ნამდვილად ავად იყო ადამიანი. უბრალოდ, ეს იყო, ეტლით რომ გამოიყვანეს, მას ეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელები, მაგრამ მართლა ვერ დადიოდა, მართლა მძიმედ იყო“, – განაცხადა ალასანიამ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, თუმცა მეორე დღეს ეტლიდან წამოხტა, კობახიძის თქმით, შესაძლოა, ანალოგიურ სიმულაციასთან გვქონდეს საქმე სააკაშვილის შემთხვევაში.
უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო 2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში სცნეს დამნაშავედ და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, ტიმოშენკო ციხიდან მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების და იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ გამოვიდა.