საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმისათვის, რომ გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს თვითნებური გადაწყვეტილებების რისკები.
“საია წარმოგიდგენთ განცხადებას, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ “აირჩიე ევროპის” საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს. 2024 წლის 6 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ორგანიზაცია “აირჩიე ევროპის” და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე, აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. ამავე დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. საიამ შეისწავლა, როგორც წარმოდგენილი შუამდგომლობა, ასევე სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება. შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ იკვეთება არაერთი პრობლემური გარემოება, რომელსაც გაგაცნობთ. 2024 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმისათვის, რომ გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს თვითნებური გადაწყვეტილებების რისკები, კანონით გათვალისწინებულია სასამართლოს კონტროლის მექანიზმი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელება დაწყებულია მოძრაობა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპის” მიმართ, არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ამ ტიპის საქმიანობაზე. ასევე, არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე. ამგვარი გადაწყვეტილებები აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირების რისკს. ასეთ პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქციები. სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება არ სცემს პასუხებს საქმისათვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვას.
საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.