როგორ უნდა მოხდეს კანდიდატებისა და ამომრჩევლების რეგისტრაცია, რა კრიტერიუმები იქნება საჭირო, ამ ყველაფერზე ფაქტობრივად, 80%-ით შევთანხმდით, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭო დაადგენს არჩევნების ჩატარების თარიღსა და იმას, თუ რომელი სისტემით ჩატარდება პროცესი.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს ღია და გამჭვირვალე წესით, სადაც ვთქვათ, მე როგორც ამომრჩეველს მექნება საშუალება დავინახო, ვინ დარეგისტრირდა ამომრჩევლად, ასევე არჩევნების პროცესში ვინ ვის მისცა ხმა. მე ვემხრობი ამ პოზიციას, არის სხვა მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს დახურული.
მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხად მიმაჩნია ის, რომ დაასრულა დღეს მუშაობა კომისიამ და არაფერი ხელს აღარ გვიშლის ფაქტობრივად, რომ ორშაბათს გაიმართოს პოლიტსაბჭოს სხდომა. არჩევნების თარიღი და ასევე ის, “ფეისბუქით” ჩატარდება ის თუ ბლოკჩეინის სისტემით, ეს პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
რაც შეეხება როგორ უნდა მოხდეს კანდიდატებისა და ამომრჩევლების რეგისტრაცია, რა კრიტერიუმები იქნება საჭირო, ამ ყველაფერზე ფაქტობრივად, იურიდიულ დოკუმენტზე 80%-ით შევთანხმდით”, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, პარტიის საქმიანობისა და ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტსაბჭო გაიმართოს მალე და არჩევნები დასრულდეს წელს.