უკრაინელი დიპლომატების მიმართ მუქარები გრძელდება, დღეს დილით საბერძნეთში უკრაინის საელჩოში სისხლიანი ამანათი შევიდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, გამომგზავნის მისამართი ამ შემთხვევაშიც იგივეა – Tesla-ს სალონი გერმანიის ქალაქ სინდელფინგენში.
როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, საბერძნეთის პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
ამ დროისთვის ცნობილია 17 ქვეყანაში მუქარის 33 შემთხვევის შესახებ, მათ შორის – 1 ტერაქტი, 2 დანაღვმა, 1 ვანდალიზმი, 1 წერილობითი მუქარა და 28 სისხლიანი ამანათი.
საზღვარგარეთ უკრაინის დიპლომატიური მისიების მიმართ მუქარა 30 ნოემბრის შემდეგ დაიწყო.