სალომე ზურაბიშვილი თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს, პარტიებს აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ, “ქართულ ოცნებაში“ კი ძალიან არიან შეშინებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენენ იმ ამომრჩევლების ინტერესებს, რომლებიც არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები.
”ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, დაინახეს ამ პარტიის ღალატი. ფაქტობრივად, ისინი დღეს არიან მზად, რომ მხარი დაუჭირონ ისეთ ბლოკს, რომელიც უკვე მათ ინტერესებს გამოხატავს, ოღონდ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ან მისი წარმომავლობის პარტია. ჩემი აზრით, ეს ფლანგი გაძლიერდება. მაგრამ, როდესაც აპელირებენ, რომ ოთხივე ბლოკი გადალახავს, კვლევები ამას აჩვენებს, სამწუხაროდ, ეს კვლევები დღეს ისეთ ფორმას იღებს, რომ გამოყენებულია შიდა კონკურენციისთვის და კვლევების ბრძოლა მიმდინარეობს.
საქართველოს არჩევნების ისტორიაში, გარდა ერთი ჩაშლილი არჩევნებისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიას გადაელახოს მაღალი ბარიერი, როცა იყო 7%-იანი ბარიერი. დღესაც არსებობს დიდი რისკი, რომ ოთხიდან ერთი დარჩეს ბარიერს მიღმა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს – აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რისკის ქვეშ დააყენონ კოალიციური ხელისუფლების მომავალი.
“ქართულ ოცნებაში“ ისედაც ძალიან არიან შეშინებული, თუმცა გაერთიანება რისკებს დააზღვევს, რომ შესაძლოა, რომელიმემ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ეს ბევრჯერ გვინახავს – არჩევნებამდე 15%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდათ კვლევებით და შემდეგ ბარიერს მიღმა დარჩენილან. არჩევნები ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელობით. კვლევებს რომელი პარტიაც ატარებს, იმ პარტიისთვის, რატომღაც, ყოველთვის კარგი შედეგი ჩანს გამოკითხვებში. კვლევებით გატაცებამ არ გამოიწვიოს სიფრთხილის მოდუნება“, – განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – “ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ “მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის” გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს.