spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – პოლარიზების დასრულების მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს

ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

 

“კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. მაშინ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი. ამიტომაც, დღეს ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბერკეტი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი, შური და ბოღმა – ეს არის ხელისუფლება. პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფაქტი არის ისიც, რომ გვერდით მიდგას მოშიმშილე ადამიანი – გენერალი ჯანაშია, რომელიც ათი წელია, პოლიტიკურად იდევნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი, თუ გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, რადგან შურისძიებას, ზიზღს, ბოღმას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არასოდეს არავინ მიუყვანია კარგ ამბამდე, არ მიიყვანს არც ახლა. 

 

როდესაც ჩვენ გვთხოვენ პოლარიზების დასრულებას, ამაზე პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს მხოლოდ ის, რომ ჩვენ, ოპოზიციას პოლარიზების დასრულების არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ამის მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, ამას წერტილი დაუსვას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მისივე თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” 3 დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მეხუთე დღეა, შიმშილობენ. მეოთხე დეპუტატმა აბდულ ისმაილოვმა შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ შეყვიტა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები