“საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს”, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი აზრით, “საქართველოსთან მშვიდობა ზუსტად რუსეთის პირობებით უნდა იყოს”.
“ივანიშვილის განცხადებაში არსებითად ახალი არაფერია. მე 2008 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ყველაფრის აშშ-სა და უტვინო სააკაშვილზე გადაბრალების მცდელობა წარუმატებელი და სიბეცეა.
პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა. საქართველოსთან მშვიდობა ზუსტად რუსეთის პირობებით უნდა იყოს, რათა საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა არარეგიონული ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესების გამო რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე არ შეუქმნან.
სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი დოლარი, რომელიც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, საკმარისი არ არის. მაგრამ ეს საერთოდ არ არის მთავარი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს მათი დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების გულებში? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ.
თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიების შესახებ ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ამავდროულად, დღის წესრიგში საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოს და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი დააყენოს“, – წერს კოკოითი.
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა – “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.