უკრაინის დახმარება ასევე ხელს უწყობს მოლდოვას უსაფრთხოებას. უკრაინის დამარცხებამ შეიძლება მოლდოვა რისკის ქვეშ დააყენოს, ამიტომ კიევის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
“ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე ნიშნავს მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას, ცხადია, რომ ყველაზე მეტად აქ ხალხს აწუხებს ის, რომ თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ქვეყანა იქნება მოლდოვა”, – განაცხადა ბერბოკმა
ანალენა ბერბოკი კიშინეუში მოლდოვის პარტნიორობის პლატფორმას ფრანგ, რუმინელ, პოლონელ, ნიდერლანდელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ესწრებოდა.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც რუსეთს მოლდოვის მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს, აღნიშნა, რომ მოლდოვა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და პარტნიორებს მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
„რუსეთის ომმა, რომელსაც ჩვენ პირველივე დღიდან ვგმობთ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ომით გამოწვეული გაურკვევლობა კვლავაც სერიოზულად აფერხებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და ასე გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ომი არ დასრულდება“, – განაცხადა სანდუმ.
პლატფორმის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა სესხის სახით 300 მილიონ ევროზე მეტ თანხას მიიღებს.