მჯერა, წუთისოფელთან ჭიდილში ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ არ მჯერა, რომ დათითოკაცებული საზოგადოება შეძლებს სასიცოცხლო ამოცანების გადაწყვეტას ერთმანეთის გარეშე!, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.
“ვფიქრობ რა ჩვენს დღევანდელობაზე, დღემუდამ სულ ეს კითხვა წამოტივტივდება და მაწუხებს: რა არის ის სენი, რომელიც შეგვეყარა და მისგან ვერასგზით ვერ განვიკურნეთ – განსაკუთრებით ამ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში?
ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების დღემდე „უკურნებელ სენად“ იქცა ერთმანეთის გაუტანლობა, შური, ერთი სიტყვით, ის, რაც დიდმა ილიამ თავის ერთ-ერთ საპროგრამო ლექსში, „ბედნიერი ერი“ რომ უწოდა, ასე ზუსტად აღწერა – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“. თუკი ეს მავნე სენი არ დავძლიეთ, თუკი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრში პიროვნება არ დავაფასეთ, თუკი მოყვასი ვერ შევიყვარეთ და მტრის მტრულ მცდელობებს პასუხი არ გავეცით, მაშინ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით მომავლის საზოგადოებად. მომავალზე ორიენტირებულ ნებისმიერ საზოგადოებას კრავს და აძლიერებს პატივისცემა ერის ნათელი წარსულისადმი, ამასთანავე, დაპირისპირება და მედგარი წინააღმდეგობის გაწევა იმ მტრული ძალებისადმი, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალური და სულიერი საუნჯის განადგურება სწადია. არ ეგების, ნამდვილად არ ეგების, როდესაც მთელს ჩვენს ენერგიასა და ძალას ერთმანეთის გაქირდვასა და შეურაცხყოფას ვახმართ, ხოლო ჩვენი ქვეყნის გარე მტერთა მიმართ კი თითქოსდა უცნაური გაგების სულისკვეთებით ვართ განწყობილი. ეს, საბოლოო ჯამში, ანგრევს ჩვენი ქვეყნის ისტორიული სახელმწიფოებრიობის ჯანსაღ საწყისებს და კიდევ უფრო ასუსტებს მის ისედაც დასუსტებულ და დაუძლურებულ სახელმწიფოებრივ სხეულს.
დიდი ფიქრი გვმართებს, რომ ჩვენდა უნებურად ისე არ მოვიქცეთ, რომ შემდეგ მთელი ცხოვრება სანანებლად გაგვიხდეს ის, რაც ჩავიდინეთ, ის, რაც ვერ გავაკეთეთ და რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო!
ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი შემოქმედების გვირგვინს წარმოვადგენთ, არ და ვერ ვართ სრულყოფილნი, მაგრამ ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ სრულყოფილებისკენ ვისწრაფოთ, მარად ვემსგავსოთ ჩვენს შემოქმედს, მაღალ ღმერთს. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ გავხდეთ წმიდანები, მაგრამ ეს უნდა გწამდეს, უნდა გჯეროდეს! სწორედ ამისთვის ვართ/უნდა ვიყოთ მოწოდებულნი!
ადამიანი უზადო ვერ იქნება, მას ახასიათებს სისუსტეები, ცოდვითი მიდრეკილებები, თუმცა მათგან თავის დაცვა მხოლოდ სიწმიდით, სიმდაბლით, მოთმინებითა და სიყვარულით არის შესაძლებელი; სწორედ ამას შესთხოვს წმიდა ეფრემ ასური უფალს თავის ლოცვაში. წმიდა სინანული არის ერთადერთი გზა და საშუალება საკუთარ შეცოდებათა ხედვისა, მაგრამ არა მხოლოდ, არამედ, ასევე, ზემოთ აღნიშნულ ჯერ კიდევ განუკურნებელ საზოგადო სენთაგან განკურნებისა!
ყოველივე ამის თქმას რა ფასი ექნება, თუკი საერთო მიზანი და ორიენტირი არ გამოვკვეთეთ: და, საერთოდ, რა გვინდა, სად გვინდა და საითკენ ვმოძრაობთ? თუკი ამ მიმართულებით საზოგადოებრივი თანხმობა არ გამოიკვეთა, აღელვებულ ოკეანეში მოტივტივე გემს დავემსგავსებით, რომელსაც აზვირთებული ტალღები დანთქმით ემუქრება.
დღემდე მოვიდა ჩვენი ერი, მრავალჭირნახული და დღეს კვლავაც ვიბრძვით, ვშრომობთ, ვლოცულობთ ხვალინდელი დღისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვარსებობთ და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლასაც აზრი აქვს.
მჯერა, რომ დავძლევთ სირთულეებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამას შევძლებთ ერთმანეთის გარეშე!
მჯერა, წუთისოფელთან ჭიდილში ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ არ მჯერა, რომ დათითოკაცებული საზოგადოება შეძლებს სასიცოცხლო ამოცანების გადაწყვეტას ერთმანეთის გარეშე!
მჯერა, ჩვენ ავაშენებთ ღირსეულ ქვეყანას, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩვენ გადავრჩებით ერთმანეთისა და ღმერთის გარეშე! ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
ქრისტეს შობას ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელს, უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელსაც აღსაყდრებიდან 45 წელი, ხოლო დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.
ქრისტეს შობას ვულოცავ ჩვენი წმიდა ეკლესიის სამღვდელოებასა და მათ ოჯახებს, ჩვენი ქვეყნის პროფესორ-მასწავლებლებსა და პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოსწავლე ახალგაზრდობას, უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს სულიერ შვილებს, ქველმოქმედ ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე კიდევ უფრო რთული იქნებოდა ჩვენი აწმყო; შობას ვულოცავ საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფ და უკრაინაში მებრძოლ ჩვენს სულიერ შვილებს.
ვულოცავ დღესასწაულს და ვლოცულობ საპატიმროებში მყოფთათვის, რათა გაუძლონ ამ მკაცრ და მძიმე გარემოს, სადაც მიზეზთა გამო აღმოჩნდნენ, არ გაბოროტდნენ, არამედ ჩაუღრმავდნენ და საკუთარ თავში მოიძიონ მშვიდობა და უახლოეს დროში დაუბრუნდნენ თავის ოჯახებს, საზოგადოებას, ჯანმრთელნი და უვნებელნი! მათი სასჯელი ხომ დროებითია, კაცთაგან დადგენილი, ამიტომ მის მიმართ შიში არ ეგების, მოშიშობა და ქედის მოდრეკა მხოლოდ ღვთიური განგებულებისა და ძალმოსილების წინაშე გვმართებს!
ძვირფასო და ღვთივკურთხეულო სამწყსოვ, დაე, სული წმიდა მოვიდეს თქვენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ უკუნისამდე, ამინ!”, – აღნიშნულია მეუფე გრიგოლის გზავნილში.