მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, ნიკა მელია უარს ამბობდა, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, კენჭი ეყარა გლდანში, მაჟორიტარ კანდიდატად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალურმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველი 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ იმ მიზეზით აპირებდა გლდანის შტაბიდან წასვლას, იმიტომ, რომ კანდიდატი ეწინააღმდეგობოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
“ის, რასაც ვისმენთ ნიკასგან, ჩემთვის მართლა გასაოცარია, ჩვენ ამაზე გვქონია საუბარი, გვიმსჯელია ბევრ რამეზე და როდესაც ის საუბრობდა, რომ გარეთ აპირებდა რაღაცებზე საუბარს, ჩვენი რჩევა იყო, რომ თავი შეეკავებინა. ალბათ, იმის დროც დადგა, ჩვენც ვისაუბროთ და ჩვენც ვთქვათ. მუდმივი სროლა არის ჩემი და ჩემი მეგობრების მისამართით, მუდმივად არის საუბარი, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცას დანა ჩაარტყა ზურგში. აქედან მინდა მივმართო ნიკა მელიას: ნიკა, მე შენთვის ზურგში დანა არ ჩამირტყია, პირიქით, ყველა ბრძოლაში და ყველა აქტივობაში ზურგს უკან გედექი და გვერდში გედექი და არასდროს ჩვენ არაფერი არ შეგვშლია ამ ბრძოლაში, მაგრამ ალბათ, არსებობს მიზეზი იმისა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მოდი ეს მიზეზი ყველამ ეძებოს საკუთარ თავში და არა გარეთ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაზეც არ შეიძლება.
მართლა თავს ვიკავებ, მაგრამ არ მინდა, 2020 წლის არჩევნების თემა უყურადღებოდ დავტოვო, როდესაც ასეთი ბრალდებები წამოვიდა იგივე ვანო მერაბიშვილის ან თითოეული ჩვენგანის მისამართით, რომ თითქოს გიორგი ბოტკოველს და გიორგი ბასიშვილს მოუყვა, ეს ბოტკოველს და ბასიშვილს კი არ მოუყვა, ალბათ, ქუჩაში ვინც ხვდება იმას უყვება.
2020-ის თემაზე მე უფრო მნიშვნელოვანი რამ შემიძლია ვთქვა და ალბათ, უნდა ითქვას და ამით დავამთავრებ ამ თემას. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის ეს და ან უარყონ ან დაადასტურონ ეს ყველაფერი.
მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როდესაც გადაწყდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის თემა, ნიკა მელია იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი და ჩვენ დაგვჭირდა აქტიური მუშაობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო კანდიდატი.
თუ გლდანის შტაბიდან ვინმეს წასვლაზეა საუბარი, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით აპირებდა გლდანის შტაბიდან წასვლას, იმიტომ, რომ კანდიდატი ეწინააღმდეგობოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას. მერე იმაზეც იყო საუბარი, რომ 5 ნომრით არ დამდგარიყო და თავისუფალი ნომრით დადგებოდა, აღარ იყრიდა კენჭს 5 ნომრით და ისე დაგვეჭირა მხარი.
არ ვამბობდით იმიტომ, რომ ეს საკითხი გავიდა მაინც და მიხეილ სააკაშვილი გახდა პრემიერობის კანდიდატი”, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი ისტორია, რომლის წაშლის უფლება არავის აქვს.
“ამ პარტიას აქვს ისტორია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ ყველამ და დღეს კრიტიკა 9 წლის, ვინ როგორი მინისტრი იყო, ვინმე ვერ ითავისებს ამით რა პოზიციას აფიქსირებს?! იმ ადამიანებს აქვთ უფლება მხარი დაუჭირონ ნებისმიერ კანდიდატს. ის ადამიანები არიან ამ პარტიის შემქმნელები მიხეილ სააკაშვილთან ერთად. არავის არ აქვს უფლება, ვინმემ დისტანცირება მოსთხოვოს ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ამ პარტიის დაფუძნებაში.
ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გამტარებლები “ნაციონალურ მოძრაობაში”, – განაცხადა ბოტკოველმა.