“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას არ აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა და უფრო მეტიც, ხშირად თავად გვევლინება ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებლად.
“აუცილებელია ხელისულებამ მზარდი დეზინფორმაციული საფრთხეების შესაბამისად განაახლოს სტრატეგიული დოკუმენტები, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და იყოს ეფექტური არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შექმნილია სამსახურები, რომლებიც დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, თუმცა პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გამოწვევის ზუსტი ანალიზი, უწყებათშორისი კოორდინაცია და კონკრეტული ქმედებების ეფექტიანობა.
სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, რთულია ერთიანი სურათის დანახვა, რა გზებით იბრძვის ხელისუფლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში მათი ქმედებები ფორმალურია ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით.
სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტიანები რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მათი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.
ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში.
მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების თუ ყალბი გვერდების მეშვეობით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი ადეკვატურად ვერ პასუხობს დეზიფორმაციის მზარდ პრობლემას. მათ შორის, არ არსებობს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, განსაახლებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.
რეკომენდაციები:
დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა ეკავოს და გაცხადებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.
შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს, პასუხისმგებელ უწყებებს და შესაძლო აქტივობების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს. დოკუმენტი გამოწვევების მიხედვით პერიოდულად უნდა განახლდეს.
სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
სისტემატურად და პროაქტიულად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება დეზინფორმაციულ ნარატივებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეები მომზადებული შეხვდნენ მას და შემცირდეს დეზინფორმაციის გავლენა. მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ვინ და რა გზებით ავრცელებს ქვეყანაში დეზინფორმაციას, მათი დაფინანსების წყაროები და ა.შ., ასევე, რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ გამოწვევებს მყისიერად უნდა უპასუხოს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
უნდა განახლდეს და შეიქმნას დეზინფორმაციასა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტები (ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია) იმისთვის, რომ პახუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს”, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭირვალობაში”.