გასულ ღამეს, “ლა ლიგის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალს” უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში, 2-3 დამარცხდა.
მატჩმა მშვიდად ჩაიარა, თუმცა ინციდენტი კულისებს მიღმა მოხდა.
“სამეფო კლუბის” მოთამაშე ფედე ვალვერდე, თამაშის შემდეგ “ვილიარეალის” ფეხბურთელს ალექს ბაენას ავტოსადგომზე დახვდა და სახეში გაარტყა.
Marca-ს ინფორმაციით ინციდენტის მიზეზი ბაენას მიერ ვალვერდესთვის ნათქვამი სიტყვები აღმოჩნდა: “ახლა იტირე, რომ შენი ვაჟი არ დაიბადება.” ეს ფრაზა ბაენამ წინა შეხვედრაში უთხრა მადრიდელთა მოთამაშეს, მაშინ ამ უკანასკნელმა ეს ფრაზა გაატარა. თუმცა, როგორც ვალვერდეს გარემოცვა იტყობინება, ბაენამ იგივე რამ გასულ ღამესაც მიაძახა მეტოქეს, ამას კი ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
ვალვერდე და მისი პარტნიორი მინა ბონინო თებერვალში ბავშვის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ, ბაენა კი ამ თემას იყენებდა ურუგვაელი ფეხბურთელის წინააღმდეგ.
მას შემდეგ რაც ვალვერდემ ბაენას პარკინგზე მუშტი გაარტყა, უთხრა: “ოჯახი უპირველესია და ის ხელშეუხებელია”.
ალექს ბაენა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს: “მწყინს იმ აგრესიის გამო, რომელიც გადავიტანე და იმ ისტორიების გამო, რომლებსაც ჩემ ირგვლივ ვხედავ – არასდროს მითქვამს ეს მისთვის [ვალვერდესთვის]”, – განმარტა მან.
ალექს ბაენამ დაცვა გამოიძახა, როდესაც ვალვერდემ დაარტყა. შემდეგ კი “ვილიარეალის” დელეგატთან და პოლიციასთან ერთად საჩივრის შესატანად წავიდა. ინფორმაციას ცნობილი საფეხბურთი ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი