ევროპა ამ რეზოლუციით ითხოვს ერთ მარტივ რამეს – ადამიანობას, ჰუმანურობას, იმას რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტო არ მოკლან ციხეში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ განაცხადა.
“მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო უპრეცედენტო შინაარსის რეზოლუციას, რომელიც რამდენიმე საათის წინ მიიღო ევროპარლამენტმა.
ევროპა ამ რეზოლუციით ითხოვს ერთ მარტივ რამეს – ადამიანობას, ჰუმანურობას, იმას რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკლან ციხეში. ევროპა ითხოვს დასტურს საქართველოდან, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია! ევროპა ითხოვს საქართველოს – ევროპულ ოჯახში! ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის უპრეცედენტო, მხარდამჭერი ევროპარლამენტარების რაოდენობით. ეს მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესის კიდევ უფრო ზრდაზე, ქართველი ხალხისადმი გამოხატული მხარდაჭერის კიდევ უფრო ზრდაზე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ბერკეტების გამოყენების გაძლიერებაზე.
ივანიშვილი უნდა ხედავდეს დაინტერესების დინამიკას და ადარდებს საკუთარი ბედი. ძალისხმევას ყოველთვის მოაქვს შედეგი!
ჩვენი და ჩვენი მეგობრების აქტიურობამ, ჩვენი მეგობრების სწორად ინფორმირებამ, მათთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება რომ ვთქვათ, რუსული ოცნება ჩიხშია!
მოვუწოდებ ქ. ოცნებას, გადაიყვანოს სააკაშვილი სამკურნალოდ და შეწყვიტოს სადიზმი, დაადასტუროს რომ ამ ქვეყანაში სიკვდილთ დასჯა გაუქმებულია.
სხვა შემთხვევაში, სადიზმი და ბოროტება აუცილებლად დამარცხდება საქართველოშიც და უკრაინაშიც და ამ დამარცხების შედეგები იქნება პერსონალურად უმძიმესი ბიძინა ივანიშვილისთვის, მისთვის ვინც ევროპას რუსეთი არჩია და ჰუმანურობას სადიზმი.
გამოსავალი არსებობს, გამოსავალია სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების გაუქმება. გამოსავალი ადამიანურობაშია!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ევროპელ კოლეგებს და ასევე ყველა იმ ჩვენ თანამემამულეს ვინც ჩვენთან ერთად ჩაბმულია ამ ბრძოლაში!
ჩვენ ჩვენის მხრიდან არ გავჩერდებით და ვიმოძრავებთ მანამდე სანამ ჩვენ ხალხთან ერთად არ გავალთ სამშვიდობოზე!
ჰუმანურობა აუცილებლად გაიმარჯვებს სადიზმზე, ცივილიზებული სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთზე, ბოროტს აუცილებლად ძლევს კეთილი!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.