აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა.
“უკრაინაში რუსეთის ქმედებების შემთხვევაში ჩვენ განვიხილეთ მტკიცებულებები, ვიცით სამართლებრივი წესები და ეჭვგარეშეა: ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი განხილვის შედეგად მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება არ ახდენს უშუალო გავლენას მიმდინარე ომზე, მაგრამ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემდგომ იზოლაციას და გააძლიერებს იურიდიულ ძალისხმევას, რათა მისი მთავრობის წევრებმა პასუხი აგონ საერთაშორისო სასამართლოებისა და სანქციების მეშვეობით.
“მოდით, ყველა შევთანხმდეთ: სამართლიანობა უნდა აღსრულდეს ყველა მსხვერპლის სახელით, როგორც ცნობილი, ისე უცნობი. მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები და მათ უფროსებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ დანაშაულებში, თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს. თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია დაგველოდოს, ის ძალიან ცდება. დრო მის მხარეს არ არის”, – განაცხადა ჰარისმა.