“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
“საზოგადოებისთვის უკრაინის რადამ ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია 24 თებერვალს, ომის წლისთავის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და როგორც ცნობილი არის, რუსულმა ოცნებამ უარი თქვა ამ მოწვევაზე. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს არის უკრაინასთან და მაშინ, როდესაც უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ასევე არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც, რუსულმა ოცნებამ ამით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის გულშემატკივრობს არა უკრაინის გამარჯვებას, არამედ არის მტრის, რუსეთის მხარეს.
ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მიყვება გეგმაზომიერ გეგმას, რაც ნიშნავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული ღირებულებებისგან და ევროპული ოჯახისგან. ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში.
ამის საპირისპიროდ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს ჩავალთ უკრაინაში და უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და იქნება ბოლომდე, მასთან ერთად ამ ბრძოლაში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.