პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკვრება, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ იცის, როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია.
“მათი მთავარი, ყველაზე დიდი ბრალდება თუ ის არის, რომ ჩემი პერსონა რაღაც ლინკებით უკავშირდება “ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ იმის წინააღმდეგ, რომ მე ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი. ყველას ვთხოვ, კონკრეტული უფლებების ნაწილში ჩემი განცხადება დადონ, სადაც ჩემი პოზიცია დარღვეული უფლებების მხარეს არ იყო ან რაიმე ფორმით დისკრიმინაციულ პოზიციას შეიცავდა. მესმის, ყველას მოსაწონი ვერ იქნები, რადგან არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული მიზნებით. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკვრება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი გუშინ წარადგინა.